მთავრობის გადაწყვეტილებით საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებების, მათ შორის, დაბადების დღის, ქორწილის, ქელეხის და სხვა ღონისძიებებისთვის ფართის გადაცემისთვის ჯარიმები წესდება. ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 10 000 ლარით. გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს მიიღო.
"დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს", - ვკითხულობთ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს ცვლილებები რამდენიმე დღის წინ დააანონსა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ.
საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით მკაცრი რეგულაციები 1 წელზე მეტია მოქმედებს.