Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის თქმით, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას კომპრომისისთვის გამბედაობა არ ეყო


​საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესში არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ კომპრომისზე წასულიყო და შეთანხმება შემდგარიყო. ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს განაცხადა.

"იმედი მქონდა რომ დღეს ეს დარბაზი იქნებოდა მთლიანი. თუ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაა, და ეს ასეა, ჩვენ არ უნდა გავუშვათ ხელიდან უდიდესი შანსი, რომელიც მოგვეცა... ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, არცერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და, ვიტყოდი, ვაჟკაცობა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებულია ამ პროცესში და თავს იმხნევებს, რომ "დათმო".

"ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“. და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება.

ოპოზიციას კი - იმისათვის, რომ გათავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით. პარლამენტში, სადაც იხსნება ოპოზიციური საქმიანობის არნახული შესაძლებლობები მათთვის, ვისაც რეალური პოლიტიკური მოღვაწეობა სურს", - თქვა მან.

ევროკავშირის რამდენიმედღიანი ჩართულობის, მანამდე აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით გამართული შეხვედრების დროს, ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა იმაზე, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში აღარ იყოს. ორივე მხარე აცხადებს, რომ ეს მათი მიზეზით არ მომხდარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG