Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის განცხადებას „სრულ აბსურდს“ უწოდებს


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებას აბსურდს უწოდებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

„ეს არის სრული აბსურდი. აბსოლუტურად უსაფუძვლო. მეორე, რაც მინდა ვთქვა, თუ ეს ბრალდება არის აბსურდი და მე ვიცი ზუსტად, რომ აბსურდია, არ ვიცი, რატომ უნდა დავიჯერო ნებისმიერი სხვა სიტყვა, რომელსაც ეს ადამიანი ამბობს. მესამე, მგონია, რომ საერთოდ ვიღაც არის დაინტერესებული, რომ ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს, ალბათ ამას დრო გამოაჩენს და გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ეს გამოჩნდება, ალბათ შემეძლება უფრო მეტი კომენტარის გაკეთება, მაგრამ დღეს შემიძლია ეს გითხრათ: აბსურდია“, - უთხრა „მთავარ არხს“ გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის ყოფილმა მეთაურმა მუხთარლის საქმის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატის განცხადების შეფასება არ ისურვა. „ნიკა სამხარაძემ რა თქვა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ აფგან მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ეს არ იყო კარგი და სასიამოვნო ამბავი. რაც შეეხება დეტალებს, სამხარაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ იცის, „ვინ იყო ამ საქმეში ჩართული, ვისი ბრძანებით გაკეთდა, ვისი პრემიერობის დროს, ვინ იყო მაშინ გადაწყვეტილების მიმღები პირი...“

აფგან მუხთარლი საქართველოში 7 აპრილს დაბრუნდა და თქვა, რომ მის გატაცებაში მონაწილეობდა საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. ჟურნალისტი თავიდანვე აცხადებდა, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. იმ პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი.

2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში, განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

XS
SM
MD
LG