Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ახალგორში შეზღუდვები მკაცრდება. კაგებე მოსახლეობას აფრთხილებს და ემუქრება


ახალგორის ცენტრი
ახალგორის ცენტრი

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ოკუპირებული ახალგორისთვის დე ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა. ოსური მედიის ცნობით, დაბაში ფუნქციონირება შეწყვიტა ბაზრობამ. ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციის ცნობით:

„ლენინგორის რეგიონში COVID-19– ის გამო ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრ გაუარესებასთან დაკავშირებით და მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დღეიდან რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის და მთავარი სანიტარული ექიმის, მარინა კოჩიევას, ბრძანებით, ლენინგორის ბაზრობა შეწყვეტს მუშაობას ".

გარდა ამისა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, საკარანტინო რეჟიმზე გადადის საგანმანათლებლო დაწესებულებები.

მათ შორის, ვინც ოფიციალურად გაუშვეს თბილისში სამკურნალოდ, სახლში დაბრუნებისთანავე ყველამ გაიარა კარანტინი, არც ერთი ინფიცირებული ადამიანი არ გამოვლენილა...
თამარ მეარაყიშვილი

ახალგორში უკვე გამოჩნდნენ დე ფაქტო კაგებეს თანამშრომლები და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თბილისისკენ გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ახალგორელები შიშობენ, რომ იზოლაციის რეჟიმის გამკაცრება და კაგებეს გააქტიურება პაციენტებისთვის თბილისის კლინიკებისკენ გადაადგილებას მაქსიმალურად შეზღუდავს. ორი დღის წინ დე ფაქტო კაგებეს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ახალგორში ეპიდემიოლოგიური აფეთქება და ვირუსის ბრიტანული შტამის გავრცელება ე.წ. საზღვრის დამრღვევებს უკავშირდება. მსგავსი განცხადება გააკეთა ახალგორის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელმა ჯემალ ბედოევმა. მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა და ინფექციის გამავრცელებლები საქართველოსთან საზღვრის დამრღვევები გახდნენ.

ბედოევის განცხადება უცნაურად მიაჩნია ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს:

„მათ შორის, ვინც ოფიციალურად გაუშვეს თბილისში სამკურნალოდ, სახლში დაბრუნებისთანავე ყველამ გაიარა კარანტინი, არც ერთი ინფიცირებული ადამიანი არ გამოვლენილა. კარანტინი, რა თქმა უნდა, ამაზრზენია. სამ ადამიანს ერთ ოთახში ამყოფებენ, სამედიცინო პერსონალი მათთან მჭიდრო კავშირშია ნიღბების გარეშე. სტუმრები მათ კარანტინში სტუმრობენ. ანუ სამუშაო იქ ისეა ორგანიზებული, რომ ეს არ არის საკარანტინო სივრცე, პირიქით, ინფექციის გამავრცელებელი კერაა. მიუხედავად ამისა, მათ უმართლებთ, რომ ერთი ინფიცირებული პაციენტიც კი არ მოხვდა ამ სივრცეში. შეიძლება, მთის სოფლების მცხოვრებთაგან არსებობდნენ ისეთი დამრღვევები, რომლებზეც ბედოევი საუბრობს, და ისინი შემოვლითი გზებით დადიან, მაგრამ ეს ძალზე იშვიათი მოვლენაა. გარდა ამისა, მთის სოფლების მკვიდრნი იზოლირებულად ცხოვრობენ, ბარში იშვიათად ჩამოდიან. ამიტომ მე არ ვეთანხმები ბედოევის განცხადებას“.

თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

მეარაყიშვილის თქმით, რაიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მართლაც, რთულია, მაგრამ ეს სხვა მიზეზების გამო მოხდა:

„ყველა, ვინც რაიონში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იყო პასუხისმგებელი, საბიუჯეტო ორგანიზაციების, ძალიან ცუდად მუშაობდნენ. ჩვენთან ოფიციალურად დადგენილი COVID-პაციენტები სახლში გაგზავნეს სამკურნალოდ, ეს პაციენტები კი სამსახურებში დადიოდნენ. მე ვიცი სასურსათო მაღაზიების გამყიდველები, რომლებიც ავადმყოფობის დროს ვაჭრობდნენ; მასწავლებლები, რომლებიც, კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, სკოლაში დადიოდნენ, ინფექციას ავრცელებდნენ. ამის შემდეგ საბავშვო ბაღები და სკოლები დაიხურა. რატომ არავინ შეაჩერა ისინი, არ აუკრძალა მათ სამსახურში წასვლა?“.

თამარ მეარაყიშვილის აზრით, კაგებესა და ახალგორის საავადმყოფოს მიერ გაკეთებული განცხადებები ერთ რამეზე მეტყველებს და ეს იზოლაციის რეჟიმის გამკაცრებას ეხება.

„ვფიქრობ, რომ მათ სურთ უკანასკნელ დროს შერბილებული რეჟიმის გაუქმება. თბილისის კლინიკებში ჰოსპიტალიზაციის ნებართვის მისაღებად აღარ არის საჭირო ცხინვალში წასვლა, გამოკვლევა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ნებართვის მოლოდინი ზევიდან. ახლა ადგილობრივი ექიმი წერს ცნობას, რაიონის გამგეობა ეთანხმება და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნებართვას გასცემს. ახლა ყველაფერი სწრაფად ხდება და ამ ამბავში მთავარ როლს რაიონის საავადმყოფო ასრულებს - მათ დასკვნებს ოფიციალური პირები ეთანხმებიან, ამიტომ გაჩნდა კორუფცია“.

ძალიან ბევრი ადამიანი გამოჰყავთ დაბიდან მინიმუმ 2-3 დღეში ერთხელ. გუშინწინაც გამოიყვანეს პაციენტები. შემდეგ კლინიკებში ანაწილებენ და კორონავირუსი ზოგს უდასტურდება, ზოგს არა...
ნუგზარ თინიკაშვილი

ახალგორელი წყაროების ინფორმაციით, გარკვეული ანაზღაურების საფასურად ექიმები წერენ ცნობებს და პირები ასეთი ცნობებით რაიონს უპრობლემოდ ტოვებენ. ჯანმრთელი ადამიანისთვის ასეთი ყალბი ცნობის გაცემა 5-10 ათას რუბლამდე ჯდება. ჩვენი ახალგორელი წყარო გვეუბნება, რომ ბოლო დროს ახალგორი თითქმის მთლიანად დაცარიელდა და ქუჩაშიც კი ადამიანები იშვიათად გხვდებიან. რადიო თავისუფლებას ოკუპირებული რაიონიდან პაციენტთა ხშირ გადმოყვანას ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილიც უდასტურებს. მისი თქმით, ბოლო დროს დე ფაქტო ხელისუფლებამ რეჟიმი შეარბილა და უამრავი ადამიანი გადმოდის თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

„ძალიან ბევრი ადამიანი გამოჰყავთ დაბიდან მინიმუმ 2-3 დღეში ერთხელ. გუშინწინაც გამოიყვანეს პაციენტები. შემდეგ კლინიკებში ანაწილებენ და კორონავირუსი ზოგს უდასტურდება, ზოგს არა. ძირითადად სხვადასხვა ჩივილებით და ჯანმრთელობის პრობლემებით გამოდიან. მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოვიდა და უკან დაბრუნების შემთხვევებიც არის. საქართველოს ხელისუფლება ინდივიდუალურად ხვდება თითოეულ პაციენტს, ადამიანს. სასწრაფო ბრიგადებიც ორგანიზებულად მოქმედებენ და პაციენტებს ცალ-ცალკე მანქანებში ათავსებენ, შემდეგ კი სიმპტომების მიხედვით ანაწილებენ საავადმყოფოებში“, - ამბობს ნუგზარ თინიკაშვილი.

ახალგორის მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ ეპიდემიოლოგიური აფეთქებისა და გარკვეული შეზღუდვების დაწესების გამო, იზოლაციური რეჟიმი ისევ გამკაცრდება და ავადმყოფები უფრო მეტად დაზარალდებიან. დე ფაქტო კაგებემ ბოლო განცხადებებით ამის დემონსტრირება უკვე მოახდინა. უსაფრთხოების კომიტეტი გადაადგილებისგან თავშეკავების გარდა, ადგილობრივ მოსახლეობას იმისკენაც მოუწოდებს, რომ საქართველოში არ აიცრან. ამჟამად, დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური სტატისტიკით, დაბაში 20-მდე ინფიცირებულია, თუმცა, ადგილობრივების თქმით, კორონავირუსით რამდენიმე ათეული ადამიანია ავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG