Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია კარვების დაშლას გეგმავს - რიონის ხეობის მცველები


„რიონის ხეობის მცველები“ იტყობინებიან, რომ პოლიცია სოფელ ნამოხვანში გაშლილი კარვების აღებას გეგმავს. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, მათ დაუკავშირდნენ იმერეთის სამხარეო პოლიციიდან და აცნობეს, რომ კარვების აღების გეგმა მდინარე რიონში გაუჩინარებული ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს უკავშირდება.

რიონის ხეობის მცველები დასახელებულ მიზეზს „ფაქტით სპეკულირებასა“ და „ხელოვნურ საბაბს“ უწოდებენ. მათი თქმით, კარვები არანაირად არ უშლის ხელს 10 აპრილს მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცის სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს.

„ცდილობენ, რომ ბოლომდე გადაუარონ ჩვენს ღირსებას. ამას გვეუბნებიან ამ მოქმედებებით, რომ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი და არ გვითვალისწინებენ. ვერაფერს ისინი ვერ ასაბუთებენ. უბრალოდ აქვთ ძალაუფლების ბერკეტი ხელში და ბოლომდე იყენებენ ამ თავის ძალაუფლებას. ამას ყველაფერს ადეკვატურ პასუხს გასცემს ხალხი“, - განაცხადა სოფელ გუმათში მყოფმა ვარლამ გოლეთიანმა და მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა.

30 წლამდე მამაკაცი 10 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ადიდებულ მდინარე რიონში გადახტა. ოფიციალური ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ. სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. ადგილობრივების ინფორმაციით, გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

ასევე ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმ პირებს, რომლებიც შესაძლოა, ხეობის მცველ აქტივისტებს შეუერთდნენ.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

კომპანიამ გასული წლის ზაფხულიდან რამდენიმე ადგილზე ერთდროულად დაიწყო მშენებლობა და მოსამზადებელი სამუშაოები. უკვე აშენებულია 500 ადამიანზე გათვლილი დროებითი ბანაკი, დაწყებულია ბეტონის ქარხნის და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზებისა და ხიდების მშენებლობა.

XS
SM
MD
LG