Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლინა ღვინიანიძე: ნამოხვანში კარვების დაშლა არის პროტესტის მონაწილეების უფლებებში უხეში ჩარევა


ლინა ღვინიანიძე
ლინა ღვინიანიძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე სოფელ ნამოხვანში „რიონის ხეობის მცველების“ კარვების დაშლას მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევად აფასებს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან ისაუბრა იმაზე, რომ ხელისუფლება ხეობაში რეპრესიული ფორმითაა წარმოდგენილი:

„გუშინდელი დღე, რომელიც გულისხმობდა კარვების დაშლის გადაწყვეტილებას სოფელ ნამოხვანში, უნდა შეფასდეს როგორც სრულიად უხეში, დაუსაბუთებელი ჩარევა პროტესტის მონაწილეების ფუნდამენტურ და ბაზისურ უფლებებში. მეორეს მხრივ, უფრო ფართედაც უნდა დავინახოთ ხელისუფლების მოქმედება. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება რიონის ხეობაში მხოლოდ ერთი ფორმითაა წარმოდგენილი, ეს არის რეპრესიული და საპოლიციო ძალა და ბოლო ერთი კვირის მანძილზე მათ მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა მიიღო განსაკუთრებულად მძიმე და უფლებაშემლახავი ფორმები. ჩვენ ვხედავთ, რომ სოფელი ნამოხვანი არის ფაქტობრივად ბლოკირებული, ადამიანებს არ ეძლევათ გადაადგილების თავისუფლება, რაც უკვე შეფასდა, როგორც ძალიან მძიმე და არაპროპორციული ჩარევა როგორც ჩვენი, ასევე სახალხო დამცველის მხრიდან“, - აღნიშნა ლინა ღვინიანიძემ. „დილის საუბრებში“ მან თქვა, რომ ხელისუფლების ამგვარი მოქმედებები არათუ ხელს უწყობს პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას, არამედ კიდევ უფრო ამწვავებს მას.

სოფელ ნამოხვანში პოლიციამ კვირას საღამოს რიონის ხეობის დამცველების კარვები დაშალა. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება.

რიონის ხეობაში ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს. გზა გუმათთან ამ დროისთვის გადაკეტილი აქვთ აქტივისტებსაც.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღის განმავლობაში იყო გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG