Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოასწავებს პანდემიის მესამე ტალღას - რამდენიმე მთავარი რიცხვი და მოლოდინი


ყველა რიცხვი და მონაცემი, რაც კი ქვეყნის ეპიდვითარებას აფასებს, დღეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო კოვიდპანდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას. საფრთხეს ისიც აორმაგებს, რომ საქართველოში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ნელ-ნელა დომინანტურ პოზიციებს იკავებს COVID-19-ის ბრიტანული შტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი თითქმის 70%-ით უფრო მარტივად გადამდებია, ანუ უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტ ადამიანს აინფიცირებს.

მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ თუკი მარტის მიწურულს, ეპიდემიოლოგები საქართველოში ბრიტანული შტამის მხოლოდ 50 დადასტურებულ შემთხვევაზე ლაპარაკობდნენ, ორი კვირის თავზე, ბრიტანული შტამის დადასტურებულმა შემთხვევებმა კოვიდინფიცირებულებში 50-70% შეადგინა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო ორ კვირაში გაზრდილია ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობის მაჩვენებელი.

თუკი ორი კვირის წინ ყოველ 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების 9-10 ახალი შემთხვევა მოდიოდა, დღეს ეს მაჩვენებელი უკვე 16-17-ია.

გაზრდილია ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი - ბოლო 30 დღეა, 2%-ს მიაღწია. ბოლო ორი კვირის მაჩვენებელმა კი 2,31% შეადგინა.

გაზრდილია და ერთს გადასცდა ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი. 12 აპრილის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 1,34-ია. ანუ, ერთ ინფიცირებულს შეუძლია დააინფიციროს ერთზე მეტი ადამიანი. ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ თუკი ერთი ინფიცირებული ერთზე ნაკლებ ადამიანს აავადებს, ეს ნიშნავს, რომ ვირუსის მასობრივი გავრცელება ნაკლებსავარაუდოა. თუმცა, თუკი ნიშნული ერთს სცდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსის გავრცელება სახიფათო მასშტაბებს იძენს.

ზოგადად, ვირუსის რეპროდუქციული რიცხვი ცვალებადია და მას განაპირობებს ნაწილობრივ ვირუსის ბუნება, ნაწილობრივ კი, საზოგადოების ქცევისა და ჩვევების თავისებურებები. ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი იცვლება სახელმწიფოების მიერ გატარებული სხვადასხვა ღონისძიებისა და ინტერვენციის პირობებში.

დღეს ქვეყანაში 17 კლასტერული ეპიდაფეთქებაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მტკიცებით, ჯერჯერობით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, მისი სიტყვებით, „ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუკი ქვეყანაში არ იქნა რადიკალური ზომები მიღებული და არ მივყევით რეკომენდაციებს, შეიძლება დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“. ამირან გამყრელიძის თქმით, ჩვიდმეტივე კლასტერი წვეულებებსა და ხალხმრავალ სუფრებს უკავშირდება.

ბრიტანული შტამი საქართველოში - ახალი თავსატეხი

გასული წლის სექტემბერში, სამხრეთ ინგლისში აღმოჩენილი COVID-19-ის მუტირებული შტამი, რომელსაც „ბრიტანული შტამი“, B.1.1.7 უწოდეს, უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოს სულ ცოტა 100-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის, უკვე საქართველოშიც.

ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 4 იანვარს დადასტურდა. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტი იყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის უკანასკნელი მონაცემებით, დღეს, ქვეყანაში დადასტურებული კოვიდინფიცირების შემთხვევებიდან, 70%-ზე მეტი უკვე ბრიტანულ შტამზე მოდის.

„ბრიტანული შტამი“, COVID-19-ისგან განსხვავებით, დაახლოებით 40-70%-ით უფრო გადამდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ეს 0,4-ით გაზრდის ვირუსის რეპროდუქციულ R რიცხვს, ანუ მაჩვენებელს, რომელიც ზომავს, რამდენ ადამიანს აინფიცირებს ერთი ინფიცირებული ადამიანი.

ბრისტოლისა და ექსეტერის უნივერსიტეტების მკვლევრები აცხადებენ, რომ „ბრიტანული შტამის“ შემთხვევაში, სიკვდილიანობის რისკი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს ტრადიციულ, ე.წ. უჰანურ შტამთან შედარებით. ბრიტანეთში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, რომელიც სამედიცინო კვლევების ჟურნალ THE BMJ-ში, 11 მარტს გამოქვეყნდა, „ბრიტანული შტამით“ ინფიცირებისას, გარდაცვალების რიცხვი ყოველ 1000 ინფიცირებულზე 4,1-ია. მაშინ, როდესაც ვირუსის ძველი ვერსიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 2,5-ს არ სცდება. მკვლევრების დასკვნის თანახმად, მაღალია ალბათობა იმისა, რომ „ბრიტანული შტამის“ შემთხვევაში, სიკვდილიანობის რისკი მზარდია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჯერჯერობით, გარდა იმისა, რომ ბრიტანული შტამი გაცილებით ადვილად ვრცელდება, ვირუსს სხვა „მავნე მახასიათებლები“ საქართველოში არ გამოუვლენია, თუმცა, საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებობს სიტუაციის გართულების მოლოდინიც:

„ბრიტანული შტამის ნახტომისებური მატება მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელი. ამაზეც მეტყველებს, რომ ბრიტანული შტამი გაცილებით მარტივად გადამდებია. ჯერჯერობით, სხვა გართულებები, უფრო მძიმედ ან ხანგრძლივად მიმდინარე შემთხვევები არ გამოკვეთილა, თუმცა, უნდა დავეყრდნოთ საერთაშორისო ინფორმაციას, რომელიც ამბობს, რომ ბრიტანული შტამი არა მარტო იოლად ვრცელდება, არამედ შესაძლოა ასოცირებული იყოს უფრო მძიმე შემთხვევებთან და ლეტალური შემთხვევების მატებასთანაც“.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ცირკულირებული ვირუსის 50-70%-ზე მეტი უკვე ბრიტანულ შტამზე მოდის, აღარ აქვს აზრი ბრიტანული შტამით ინფიცირებულების რაოდენობის თვლას. ახლა მიმდინარეობს კვლევები იმის შესახებ, გარდა ბრიტანულისა, სხვა შტამები, ე.წ. სამხრეთაფრიკული, ბრაზილიური თუ სხვა მუტირებული შტამებიც ხომ არ ცირკულირებს:

„დღესაც, ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ განსხვავებები დაჭერილი იყოს. ახლა მნიშვნელოვანია არა ის, რომ ვიკვლიოთ, ბრიტანული შტამი რამდენია, არამედ ის, რომ გამოვიკვლიოთ, სხვა შტამებიც ხომ არ არის გამოვლენილი. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ქვეყანაში მარტო ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული“.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, ვირუსის მუტირებული შტამების დადგენა გარკვეულ დროსა და სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს:

„ჯერ ტარდება პირველადი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ამას მოსდევს სიღრმისეული კვლევა, სეკვენირება, რომელიც 48 საათს მოითხოვს და შემდეგ უკვე საჭიროა ანალიზის ორდღიანი პერიოდი, როდესაც შედეგი უნდა წაიკითხონ სპეციალისტებმა და გამოიტანონ დასკვნა, რა ტიპის მუტაცია გამოვლინდა“.

როგორ ხვდება მესამე ტალღას ჯანდაცვის სისტემა?

იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში ეპიდვითარება დამძიმდება, როგორი მომზადებული შეხვდება ჯანდაცვის სისტემა მესამე ტალღას? რადიო თავისუფლებამ კითხვებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს.

სამინისტროსგან წერილობითი ფორმით მოწოდებული 12 აპრილის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • კოვიდკლინიკების რაოდენობა - 54;
  • კოვიდპაციენტებისათვის გათვალისწინებული საწოლების რაოდენობა - 4477;
  • სარეანიმაციო კოვიდსაწოლების რაოდენობა - 704;
  • სასუნთქი აპარატების რაოდენობა - 530;
  • კლინიკებში კოვიდპაციენტების რაოდენობა - 2442;
  • თავისუფალი საწოლების რაოდენობა - 2035

ვაქცინაციის ნელი ტემპი მესამე ტალღის წინ

საქართველოში კოვიდ ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. თითქმის ერთი თვის თავზე, ქვეყანაში აცრილია მხოლოდ 20 622 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირაა, ყოველდღიურად იცრება საშუალოდ 1200 ადამიანი. ამირან გამყრელიძის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაში მაისის მიწურულისთვის გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შეიქმნას, დღეში მინიმუმ 3000-4000 ადამიანი უნდა იცრებოდეს, რათა მაისის ბოლოს ქვეყანას ერთჯერადად ჰყავდეს აცრილი 200-300 ათასი ადამიანი, ხოლო ორჯერადად - მინიმუმ 50 ათასი ადამიანი.

ამირან გამყრელიძის პროგნოზით, საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია, სავარაუდოდ, ივლისში უნდა დაიწყოს. მისი თქმით, ამ დროისათვის ქვეყანას კოვიდვაქცინის შესაბამისი რაოდენობის დოზები უნდა ჰქონდეს, ნახევარი მილიონი დოზის მარაგი მაინც.

დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანას უკვე მიღებული აქვს 43 200 დოზა ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკა“ და 29 250 დოზა ამერიკულ-გერმანული „ფაიზერი“.

ქვეყანაში ჩამოსულია და დასაწყობებულია 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“, თუმცა, მისი გამოყენება, ჯერჯერობით, არ დაწყებულა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ელოდებიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ამ ვაქცინის ავტორიზაციას. გარდა ამისა, ჩინეთმა გადაწყვიტა, საქართველოს საჩუქრად გადასცეს „სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა.

აპრილის მიწურულს ელოდება საქართველო „ასტრაზენეკას“ 80 ათას დოზა ვაქცინას.

როგორც ამირან გამყრელიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სავარაუდოდ, ივლისში ან აგვისტოში ქვეყანა მიიღებს ამერიკული „ნოვავაქსის“ პირველ დოზებს. მოლაპარაკებები მიდის „ფაიზერის“ დამატებითი დოზების მიღებაზეც:

„კონკრეტული მოლაპარაკებები მიდის „ნოვავაქსთან“ დაკავშირებით. ეს ამერიკული წარმოების ვაქცინაა. ინდოეთის სერუმის ინსტიტუტმა წელს უნდა აწარმოოს მილიარდი დოზა ვაქცინა. მათ შორის, 300 მილიონი კოვაქს პლატფორმისთვის. ჩვენ კოვაქსსაც განვუცხადეთ თანხმობა „ნოვავაქსის“ მიღებაზე და ასევე პირდაპირი მოლაპარაკებებია მილიონ დოზასთან დაკავშირებით თვითონ სერუმ ინსტიტუტთან. ასეთივე მოლაპარაკებები მიდის „ფაიზერთან“ მილიონ დოზაზე. ეს არის დღეს ორი მთავარი მოლაპარაკება. „ნოვავაქსი“ ბაზარზე გამოჩნდება ივლისში. კონტრაქტი იდება ახლა ამასთან დაკავშირებით და კონტრაქტში მითითებული იქნება ივლისი თუ აგვისტო, როდის იქნება პირველი მოწოდება“.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე ქვეყანაში დაახლოებით მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა იყოს აცრილი.

დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები?

ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს ჯერ არ აქვთ. თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ თუკი რეგულაციების დაცვისა და კონტროლის ფონზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, შესაძლოა, პირველ ეტაპზე, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაც გახდეს საჭირო.

საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებით, დამსაქმებლებს მიეცათ რეკომენდაცია, თანამშრომლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანონ. უქმე დღეებად გამოცხადდა ასევე 4-11 მაისი. რა დამატებითი რეკომენდაციები თუ შეზღუდვები შეიძლება ამოქმედდეს ქვეყანაში, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭო 13 აპრილს იმსჯელებს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასული წლის 28 ნოემბერს დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნა თებერვლიდან, ეტაპობრივად დაიწყო. ამუშავდა მუნიციპალური ტრანსპორტი, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, ფიტნესცენტრები. სასწავლო პროცესმა ონლაინსივრციდან სკოლებში გადაინაცვლა. ნაწილობრივ გაიხსნა საკვები ობიექტები. პირველი აპრილიდან აღდგა გასართობი დაწესებულებების საქმიანობა. გაიხსნა თეატრები. 8 აპრილიდან მიიღეს მაყურებლები კინოდარბაზებმაც.

როგორც ჯანდაცვის სექტორის, ისე ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლების მოლოდინი, რომ ქვეყანას მესამე ლოკდაუნის შემთხვევაში, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან თავის დაღწევა გაუჭირდება, დიდია. მიაჩნიათ, რომ თუკი ვირუსის მესამე ტალღა ქვეყანას ისეთივე სიმძლავრით დაარტყამს, როგორც ეს გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში მოხდა, შედეგი იქნება სავალალო, როგორც ადამიანური დანაკარგის, ისე ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG