Accessibility links

site logo site logo

აფხაზეთი: ამომრჩეველი აპათიაში ჩავარდა


ავტორი: იზიდა ჭანია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ჩატარდა. ირჩევდნენ შვიდი რაიონული კრების დეპუტატებს, სოხუმის საქალაქო კრების 19 დეპუტატსა და ბიჭვინთისა და ახალი ათონის საქალაქო კრებების 9-9 დეპუტატს, ასევე სოფლებისა და დაბების ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოთა დეპუტატებს.

აფხაზეთში თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები რთულად ჩატარდა. ელექტორატის დაბალი აქტიურობის გამო ხუთ ოლქში არჩევნები არშემდგარად გამოცხადდა. ამ ოლქებს ვერ უშველა ვერც იმ კანონმა, რომელიც ამომრჩეველთა მხოლოდ ერთი მეოთხედის გამოცხადებას ითვალისწინებს. როგორც ჩანს, კანონის შემქმნელებმა ჯერ კიდევ ძალიან ადრე განჭვრიტეს ელექტორატის პასიურობა და შეეცადნენ მათ მიერ შექმნილი სისტემა ამ მარტივი საშუალებით დაეცვათ. მაგრამ უკვე ესეც აღარ შველის საქმეს და ცუდი არ იქნებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე დაფიქრება იმაზე, თუ რა ხდება.

არჩევნების წინ თავისი ხუთწლიანი საქმიანობის შესახებ (არჩევნები კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო) ანგარიში წარმოადგინა სოხუმის საქალაქო კრებამ. დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ხელმძღვანელს და აღნიშნეს, რომ მიიღეს 150 გადაწყვეტილება. ცხადია, შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ თუკი მას ხუთ წელზე გავანაწილებთ, გამოდის, რომ კრება თვეში საშუალოდ 3 გადაწყვეტილებაზე ნაკლებს იღებდა. მათ შორისაა: თანხმობა მემორიალური დაფების დაკიდებაზე, მიწის გამოყოფა, ქუჩების სახელების გადარქმევა, პარლამენტის, პრეზიდენტისა და პრემიერისადმი მიმართვები და ა.შ.

არის კიდევ ერთი რიცხვი, რომელიც დაასახელა კრების თავმჯდომარემ - მოქალაქეთა 200 მიმართვა. თუკი ამას 26 დეპუტატსა და ხუთ წელზე გადავიანგარიშებთ, გამოდის, რომ ყოველ რჩეულს მისი ამომრჩევლები წელიწადში ერთზე მეტჯერ არ აწუხებდნენ.

დედაქალაქის კრების არაპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის, რომლებიც დაგვამახსოვრდა, სოხუმის საქალაქო კრების დეპუტატთა რიცხვის 19-მდე შემცირებაა. მგონი, ეს ყველაფერია, რაზეც ღირს საჯაროდ ლაპარაკი.

და კიდევ - მეექვსე მოწვევის დეპუტატები გამოვიდნენ ინციატივით, გაიმართოს საერთო-სახალხო რეფერენდუმი სამ საკითხზე - უკანონოდ გამდიდრების სისხლის სამართლის ქმედებად ცნობაზე, კადრების კონკურსის გზით შერჩევასა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა პირდაპირი არჩევნებით არჩევაზე. მაგრამ ეს ინიციატივები სცილდებოდა თვითმმართველობის მუნიციპალური ორგანოების კომპეტენციის ჩარჩოებს და ისინი გააპროტესტეს.

უნდა აღვნიშნო, რომ საქმიანობის შედეგებისა და შესანახი ხარჯების შეუსაბამობის მიუხედავად დედაქალაქის კრება ძირეულად განსხვავდება ყველა დანარჩენისგან როგორც აქტიურობით, ისე მასმედიის მიმართ გახსნილობით (თუმცა გამჭვირვალობას ვერც მათ „დააბრალებ“). სხვა კრებების უმრავლესობის საქმიანობა კი საერთოდ საიდუმლოებითაა მოცული - მათი გადაწყვეტილებების შესახებ არათუ საზოგადოება, თავად დეპუტატებიც ხშირად მას მერე იგებენ ხოლმე, რაც ისინი მედიაში ან სოცქსელებში გაჟონავს. ჩემი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არ ასრულებენ თავიანთ პირდაპირ ამოცანას: ისინი რომ გაქრენ, საზოგადოება ამას ვერც შენიშნავს.

მაგრამ ამ არჩევნებში ელექტორატის აპათია მხოლოდ უნდობლობით ვერ აიხსნება, აქ ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს საყოფაცხოვრებო მოუწყობლობას ადამიანებისა, რომლებიც იძულებული არიან შეეგუონ სინათლისა და წყლის გამუდმებულ გათიშვას, პენსიებისა და ხელფასების დაგვიანებას. ასეთ ვითარებაში ვინ არ დაივიწყებს „მოქალაქეობრივ ვალს“. ტყუილად არ იყო, რომ საბჭოთა კავშირშიც კი, სადაც არჩევნებზე მწყობრი ნაბიჯით და მუსიკის თანხლებით მიდიოდნენ, პლებისციტის წინ ცდილობდნენ, მოსახლეობისთვის სხვადასხვა საჩუქრითა და გასტრონომიული სიურპრიზით მოექონათ თავი. პერესტროიკის საშინელ დროშიც კი ხან რაიმე ეგზოტიკურ ხილს გამოყრიდნენ გასაყიდად, ხან ბულგარულ ლეჩოს და პოლონურ მაკარონს, ზოგჯერ ასფალტსაც კი დააგებდნენ სახლის წინ გზაზე. და ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო სინათლისა და წყლის გათიშვაზე არჩევნების წინ, მით უმეტეს - არჩევნების დღეს.

ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა - სინათლის გათიშვაზე მხოლოდ ხმების დათვლის პერიოდში თქვეს უარი. ამიტომ მე არჩევნების დღეს ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობა კი არ მაკვირვებს, არამედ ის, რომ ამომრჩეველი მაინც მივიდა მასზე. და რომც არ მისულიყო, არჩევნებს მანამდე გაიმეორებდნენ, სანამ ის არ შედგებოდა. ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა ხომ ისეა დაწერილი, რომ მოსახლეობის უმრავლესობის აზრი შეიძლება მან ჯიუტად არ შენიშნოს და არჩევნებში გამარჯვება სულაც არ ნიშნავს რომ „ხალხის რჩეულს“ უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. უფრო ხშირად პირიქითაა - მას ირჩევს უმცირესობა, რომელიც კანდიდატის უახლოესი გარემოცვიდანაა.

საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად მოვიტან ჯიუტ ციფრებს. მარტო გალის რაიონში მივიდა საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი. იქ 11 ოლქია, ამომრჩეველთა ძალიან მცირე რაოდენობა და ამით აიხსნება მაღალი პროცენტი - კანდიდატებს არ გაუჭირდათ „ყოველ ადამიანამდე მისვლა“. ყველა დანარჩენ რაიონში, სადაც ამომრჩეველთა რიცხვი რამდენიმე ასეულჯერ უფრო მეტია, 50%-იან გამოცხადებას ვერცერთმა ვერ მიაღწია.

გულრიფშის რაიონში 30%-ზე ოდნავ მეტმა მიიღო მონაწილეობა, ოჩამჩირისა და გუდაუთისაში - დაახლოებით 40%-მა, სოხუმსა და ტყვარჩელში ამასაც ვერ მიაღწიეს. დედაქალაქის ოთხ ოლქსა და გაგრის ერთ ოლქში არჩევნები შეუმდგარად ჩაითვალა. იქ ვერ მოგროვდა ამომრჩეველთა 25%-ც კი, ვინც ამა თუ იმ კანდიდატისთვის მოინდომებდა ხმის მიცემას.

და ამ ოლქებში ხელახალი არჩევნები დაინიშნება. სოხუმში მთლიანობაში ამომრჩეველთა 30%-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. და ხალხის რა წარმომადგენლობაა ეს? ბოლოს დემოკრატიის რა უცნაური ფორმა მივიღეთ?

ცხადია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს საკუთარი თავისებურებები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებული სისტემის კრახის უარყოფა უკვე შეუძლებელია. კავშირი „ამომრჩეველი - ხელისუფლება“ გაწყვეტილია, ამიტომაც ვერ ხედავს ელექტორატი თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების არსებობის აზრს და არ სურს მონაწილეობის მიღება ამ თითქოს დემოკრატიულ ფარსში. ხალხის ცხოვრების ხარისხი ხომ უცვლელი რჩება არჩევნებიდან არჩევნებამდე.

როცა პატარა ქვეყანა ჩუმად, სპეციფიკის გაუთვალისწინებლად გადაიღებს დიდი სახელმწიფოს პოლიტიკური მოწყობის სისტემას, ის კოტრდება. ეს ხდება აფხაზეთშიც, რომლის მოსახლეობაც ვერ ახერხებს შეინახოს და მერე კიდევ გააკონტროლოს სხვადასხვა სახისა და ჯიშის რჩეულთა და ჩინოვნიკთა ასეთი ბრბო. მემორიალური დაფის დასაკიდებლად ან ქუჩისთვის სახელის გამოსაცვლელად სრულიად საკმარისია ამ სახლის ან ქუჩის მაცხოვრებელთა გამოკითხვა და არაა საჭირო დიდი რაოდენობით „კარგი ბიჭების“ რჩენა, რომლებსაც ხშირად არავითარი სპეციალური ცოდნა არ გააჩნიათ. ჩვენ ცოტანი ვართ, შევიკრიბებით სახლის, ქუჩის, სოფლის მაცხოვრებლები, გინდ ვირტუალურ სივრცეში, გინდ რეალურ დროში და მივიღებთ ძალიან დემოკრატიულ გადაწყვეტილებას და საამისოდ ჩვენ სარჩენად ერთ ცენტსაც არ დავხარჯავთ.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG