Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოზე არ დაიკითხება პირი, ვინც ამბობდა, რომ მელიას საქმეზე ჩანაწერები წაშალეს


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა დაეკითხათ პირი, რომელიც 20 ივნისის ღამის ჩანაწერების განადგურებაზე საუბრობდა. მოსამართლემ დღეს, 13 აპრილს არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის სხვა შუამდგომლობებიც, რომელიც საქმეზე მტკიცებულების სახით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სატელევიზიო ინტერვიუს დართვასა და მის დაკითხვას ითხოვდა.

"სამართლის ცოდნა სულ არაა საჭირო, რომ ეს შუამდგომლობა დამიკმაყოფილოთ. როგორ შეიძლება, იმ პირის დაკითხვა არ მოგინდეთ, ვინც თქვა, რომ მტკიცებულებები გააქრეს. თუ ამას არ დააკმაყოფილებთ, ყველასთვის ნათელი გახდება, რას ემსახურებით. რაც შეეხება კობახიძეს - სანამ, მოსამართლევ, თქვენ აქ საუბრობდით, თურმე იმათ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ. ხო თქვა ეს კობახიძემ, ხო აღიარა. თქვენ ხომ თქვენს რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ?! ხელისუფლება შეიცვლება, ცვლილებების პირას ვდგავართ, მომავალზე იფიქრეთ, რას იტყვიან 15-20 წლის მერე, ამ საქმეზე ხო დადგინდება ჭეშმარიტება. ეს ხო ლაქად გაგყვებათ?!. კობახიძე მოწმის სახით რომ არ დაჰკითხოთ, თქვენ რეპუტაციას ხო შებღალავს?!" - ამ სიტყვებით მიმართა ნიკა მელიამ საქმის მოსამართლეს.

მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს არ აინტერესებს რეალური მტკიცებულება საქმეში:

"ეს არის დადგმული სპექტაკლი. აქ მტკიცებულებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. სასამართლომ უარი თქვა მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე - არ აინტერესებს, მოხდა თუ არა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების წაშლა. მარტივად გვითხრეს, რომ არ აინტერესებთ".

21 მარტს "მთავარ არხზე" დაახლოებით 1 წლით ადრე ჩაწერილი ინტერვიუ გავიდა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივანე გულაშვილი ჰყვებოდა, რომ მინისტრის მოადგილის დავალებით 2019 წლის 20 ივნისის ღამეს გაკეთებული ჩანაწერები განადგურდა. მელია ბრალდებულია სწორედ, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.

გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ გადაიხადა, დამატებით ერთ კვირას აძლევს. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ უსამართლო გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა ბრალდების მხარეს სასამართლოსგან მოეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს პატიმრობით შეცვლა. 16 თებერვალს, პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა.

17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა.

შსს ნიკა მელიას დაპატიმრებას 18 თებერვალს გეგმავდა, თუმცა გადადო მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს შორის.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე, 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG