Accessibility links

site logo site logo

"მოქალაქეების" ლიდერები თბილისში ეპატიჟებიან აფხაზ ბიზნესმენ ბენურ კვირაიას


ბენურ კვირაია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს პარლამენტიდან მიესალმა აფხაზ ბიზნესმენს, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ყოფილ თანაშემწეს ბენურ კვირაიას, რომლის განცხადებებმა და ქმედებამ ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია.

„ალბათ, სოციალურ ქსელებში რამდენიმე კვირის წინ ყველამ ნახეთ ერთი ვიდეო, აფხაზი კაცი, ნაომარი კაცი ჩვენ წინააღმდეგ სხვათა შორის, როგორ სვამდა ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს. ბენურ კვირაიაა ეს კაცი... ერთ-ერთი შენაერთის მეთაურიც კი იყო ოთხმოცდათორმეტ წელს და კი, იბრძოდა ჩვენ წინააღმდეგ. მან სკვერი გააშენა ქართველი მეგობრის, დავით კვარაცხელიას სახელზე და არ მოერიდა ამის თქმას. ის იყო იქაური თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ბატონი ბჟანიას მრჩეველი და შემდეგ გაბედა და აქეთა საქართველოში ჩამოვიდა და ქართველებთან, თავის მეგობრებთან ჰქონდა შეხვედრა, სადღეგრძელოც დალია, ხმამაღლა ისაუბრა ამის შესახებ და უზარმაზარი რისხვაც დაატყდა თავს. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამ ვიდეომ და მისმა ჩამოსვლამ აქეთ საქართველოში“, - განაცხადა ელისაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ონლაინშეხვედრა ჰქონდა აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაიცნო ამჟამად ბულგარეთში მცხოვრები დავით კვარაცხელია, რომელიც ერთ დროს, ასევე, იარაღით იბრძოდა ქართველების მხრიდან.

ალეკო ელისაშვილი პარლამენტიდან მიესალმა დავით კვარაცხელიას და ბენურ კვირაიას და მას გამბედაობისთვის მადლობა გადაუხადა. ელისაშვილის შეფასებით, კვირაიამ კონფლიქტი მოაგვარა იმით, რომ სიძულვილი დაამარცხა: „ჩამოვიდა, ხელი ჩამოგვართვა და დაველაპარაკა იმიტომ, რომ აწუხებს ის ყოფა, რაც აფხაზეთშია, სიღატაკე და უპერსპექტივობა და უნდა, რომ უკეთეს მომავალზე ვილაპარაკოთ“.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი აცხადებს, რომ ის და ლევან იოსელიანი მზად არიან, ბენურ კვირაიას თბილისში უმასპინძლონ და მასთან ერთად ისაუბრონ ქართველების და აფხაზების უკეთეს მომავალსა და ურთიერთობის პერსპექტივაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG