Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი კოლონიას სასამართლოში უჩივის, ვინაიდან მას არ აძლევენ ყურანს


რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომელიც პატიმრობაშია ქალაქ პოკროვის №2 კოლონიაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებას სასამართლოში უჩივლა. პოლიტიკოსის თქმით, ამის მიზეზია ის, რომ მას არ აძლევენ წიგნებს, კერძოდ, მუსლიმთა წმინდა წიგნს, ყურანს. ამის შესახებ ნავალნი ინსტაგრამზე იტყობინება.

ოპოზიციონერი აცხადებს, რომ პატიმრობაში ყოფნისას სურდა შეესწავლა და გაეგო ყურანი. „აქ ერთი თვის წინ ჩამოვედი და თან ჩამოვიტანე უამრავი წიგნი. და უამრავი წიგნი შევუკვეთე. ჯერჯერობით ჩემთვის არცერთი არ გადმოუციათ. ვინაიდან ყოველი მათგანი ‘უნდა შემოწმდეს ექსტრემიზმთან დაკავშირებით’. ამაზე სამი თვე მიდის“, - ნათქვამია ნავალნის განცხადებაში.

კრემლის კრიტიკოსის თქმით, კოლონიის თანამშრომლები ყველა წიგნის, მათ შორის ყურანის შემოწმებას აპირებენ.

მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ადმინისტრაცია ძალდატანებითი კვებით ემუქრება ნავალნის, რომელიც თითქმის ორი კვირაა, რაც შიმშილობს და მას მერე 8 კილო დაიკლო. მთლიანობაში, კოლონიაში ჩასვლის შემდეგ მან 15 კილო დაიკლო.

ალექსეი ნავალნი 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაგზავნეს კოლონიაში, სადაც მან ორ-ნახევარი წელი უნდა გაატაროს.

ნავალნი ჯანმრთელობის გაუარესებას უჩივის. 31 მარტს მან შიმშილობა გამოაცხადა იმის მოთხოვნით, რომ მასთან ექიმი დაუშვან. კოლონიის ექიმებმა მას ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოუჩინეს. მისი პირადი ექიმი, ანასტასია ვასილიევა, და მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკოსი არ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. სასჯელაღსრულების ფედერალური უწყება აცხადებს, რომ ნავალნის სათანადოდ მკურნალობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG