Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კოდუას პატიმრობა შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა დავით კოდუას, რომელსაც ოჯახში ძალადობას ედავებიან. მას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) რაც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე კოდუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

კოდუას ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, ბრალდებულს ფიზიკურად არ უძალადია.

კოდუას ცოლ-შვილმა ადვოკატთან ერთად დღეს ბრიფინგი გამართა. ისინი თავს დაზრალებულად არ ცნობენ და ამბობენ, რომ მათი ხელმოწერილი ჩვენების ოქმი „გაუგებრობაა“. ისინი კოდუას გათავისუფლებას მოითხოვდნენ გირაოს სანაცვლოდ.

„სიტყვიერი შელაპარაკება იყო და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ჩვენ ხელი მოგვაწერინეს, წარმოდგენა არ მაქვს, რა წერია შიგნით. თვითონ ბეჭდავდნენ, ხელი მოვაწერეთ ჩვენ, თან ბევრი მედიკამენტი გვქონდა მიღებული, ღამის საათები იყო, დილამდე გაიწელა ეს პროცესი, გვაჩქარებდნენ, - თქვენც ცოდოები ხართო და წაკითხვა რომ მოვინდომეთ, არ არის საჭიროო, ჩვენ ვითხოვდით შემაკავებელ ორდერს“, - განაცხადა დავით კოდუას ცოლმა ნათია გედევანიშვილმა.

მომხდარი აღწერა მისმა შვილმა ტასო კოდუამაც. მისი სიტყვებით, ოჯახში მხოლოდ სიტყვიერი კამათი იყო, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ დავით კოდუას კომენდანტის საათის დროს სახლიდან წასვლა სურდა, რასაც ოჯახის წევრები ეწინააღმდგებოდნენ და მის შეკავებას ცდილობდნენ. ტასო კოდუას თქმით, არ სურდათ, დავით კოდუა წესების დარღვევის გამო დაეჯარიმებინათ. მისი სიტყვებით, სწორედ სახლიდან გასვლისას ჰკრა დავით კოდუამ ნათია გედევანიშვილს ხელი, რა დროსაც მან სავარძელს მიარტყა თვალი. ტასო კოდუას თქმით, შემდეგ მათ პოლიცია გამოიძახეს. პოლიციის მოსვლის დროს კოდუა უკვე სახლიდან იყო წასული. მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

„დამამშვიდებლები მოგვცეს და წაგვიყვანეს პოლიციაში. ჩვენ ვითხოვდით შემაკავებელ ორდერს, რომ კონფლიქტი არ ყოფილიყო ოჯახში და არაფერი არ გვინდოდა სხვა, პოლიციამ რაც დაწერა, არ წაგვიკითხავს, უკვე დილა იყო გვაჩქარებდნენ, მოაწერეთ ხელი და გაგვიშვებთო, ჩვენც მოვაწერეთ“, - თქვა ტასო კოდუამ.

მათი ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაცნობისას, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა მიიჩნიეს, რომ „გაუგებრობა მოხდა“ და შენიშვნაც გააკეთეს დადგენილებაზე.

„აღმოჩნდა, რომ პოლიციას სხვა ინფორმაცია დაუტანია დაკითხვის ოქმზე, რომელიც ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაპროტესტეთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი არ თვლის, რომ დაზარალებულია, რადგან ბატონი დავითის ქცევას არ გამოუწვევია მათი ტკივილი და არ თვლიან, რომ დაზარალებულები არიან“, - ამბობს ადვოკატი, რომელიც იმედოვნებს, რომ გამოძიებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა ექნებათ, ვინაიდან, მისი თქმით, მომხდარის კვალიფიკაცია მცდარია და არ ჩანს დავით კოდუას მხრიდან ოჯახში ძალადობის ჩადენის განზრახვა.

დავით კოდუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 1 ივნისს 12 საათზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG