სასამართლომ ნავალნის თანამებრძოლ ლიუბოვ სობოლს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვის სასამართლომ ერთი წლით პირობით გამოსასწორებელი შრომა მიუსაჯა ალექსეი ნავალნის თანამებრძოლ, ლიუბოვ სობოლს, რომელიც მოსამართლემ დამნაშავედ ცნო რუსეთის ეფ-ეს-ბეს (ФСБ) თანამშრომლის, კონსტანტინ კუდრიავცევის, ბინაში უკანონო შეღწევისათვის, რითაც ხელყო კუდრიავცევის ნათესავების „კონსტიტუციით გარანტირებული“ უფლება.
გამოძიების თანახმად, კონსტანტინ კუდრიავცევმა ტელეფონით უამბო ალექსეი ნავალნის მისი მოწამვლის დეტალებზე.
სასამართლომ ლიუბოვ სობოლს ერთი წლით პირობით გამოსასწორებელი შრომა მიუსაჯა და ასევე დაუნიშნა ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა. თუ ოპოზიციონერი აქტივისტი პირობით სასჯელს დაარღვევს, მაშინ მას მიუსჯიან რეალურ გამოსასწორებელ შრომას და დაუქვითავენ ხელფასის 10 %-ს.
კონსტანტინ კუდრიავცევი რუსეთის ქიმიურ-ბიოლოგიური თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულია. ის ჯარში მსახურობდა შიხანიში, სადაც მუშაობდნენ ქიმიურ იარაღზე, მათ შორის „ნოვიჩოკზე“, შემდეგ კი ის სამუშაოდ გადავიდა ეფ-ეს-ბეში, ნათქვამია სამი გამოცემის ერთობლივ გამოძიებაში.
ჟურნალისტებმა მოახერხეს აღმოეჩინათ, რომ ოპერმუშაკი ნავალნის თან დაჰყვებოდა მოგზაურობისას. 2020 წლის დეკემბერში ნავალნიმ გამოაქვეყნა კუდრიავცევთან საუბრის ჩანაწერი. საუბრიდან შეიძლება ისეთი დასკვნის გამოტანა, რომ ოპერმუშაკი ნავალნის მოწამვლის შემდეგ კვალის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა.
გამოძიების ვერსიის თანახმად, 2020 წლის 21 დეკემბერს, ლიუბოვ სობოლი შეიჭრა კონსტანტინ კუდრიავცევის ბინაში, ხელი ჰკრა მის სიდედრს, შემოიარა შენობა და წავიდა. საკუთრივ კუდრიავცევის მოძებნა და მისი დაკითხვა სასამართლომ ვერ შეძლო. საქმეში იგი არ ფიგურირებს არც როგორც მოწმე და არც როგორც დაზარალებული.
დაწერეთ კომენტარი