Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილზე: 10 წლის შემდეგ იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო?!


პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის ბრალდება მისი ყოფილი ქმრის, ბესო ზანგურის წინააღმდეგ "აგორებული იყოს". მისი თქმით, 10 წლის შემდეგ მსგავსი ბრალდების დამტკიცება ძნელია.

"ეს ისეთი თემაა, რომ არავინ არ იცის. ეს არის ზეპირსიტყვიერება, რომ ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო?! - ეს ერთი და მეორეც, გასარკვევია და ამისთვის უნდა იყოს აღძრული საქმე", - თქვა დეპუტატმა.

ამ საკითხზე საუბრის დროს ჟურნალისტებმა მას რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას კომენტარის შეფასებაც სთხოვეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბესო ზანგურს და ბრალდება „ქალების რეპრესიად“ შეაფასა.

"ეს არ არის ძალადობის წახალისება. რობერტ სტურუა არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს ძალიან დიდი სიამაყე. ეს ადამიანი არის უდიდესი ხელოვანი და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. იმ ადამიანმა შეიძლება მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, რომელზეც ეუბნებიან, რომ იყო ძალადობაში ჩათრეული. ის ამბობს, რომ ჯერ გაარკვიეთ და მერე. ამხელა აგრესია რომ წამოვიდა, ამას უნდა კარგად გაანალიზება. მსოფლიოს ახსოვს ასეთი მაგალითები, როცა 20 წლის შემდეგ, 30 წლის შემდეგ ვიღაც აყვირდება, რომ რაღაც მოხდა. ამას გარკვევა სჭირდება... ის არ თვლის, რომ სავარაუდო მოძალადეა და იმიტომაც უჭერს თავის მსახიობს მხარს. არიან ადამიანები, რომლებსაც ამის არ სჯერათ", - თქვა დეპუტატმა.

12 აპრილს, გადაცემა „ფარულ კონვერტში“ 33 წლის მსახიობმა გაიხსენა 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც, მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. მსახიობის თქმით, სახლიდან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ყოფილმა ქმარმა რამდენიმე საათის განმავლობაში სცემა.

„ძალიან რთული მოსაყოლია, როცა ამდენი ხანი ჩუმად ხარ. ჩუმად არა, უბრალოდ, არ ლაპარაკობ ამ ყველაფერზე. არასდროს მიფიქრია, რომ მე გავხდებოდი ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ეს შეეხებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემს გარშემო. არ მახსოვს, პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა მისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. მცემა. ძალიან. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე ბოდიშების და საჩუქრების კორიანტელი, რომელიც მე არაფერში მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი დრო და სწორი მომენტი. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მარტივია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ვიდრე მაშინ“, - ამბობდა ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG