Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამისტების მხრიდან ძალადობის გამო პაკისტანი დროებით ბლოკავს სოციალური მედიის აპლიკაციებს


პაკისტანის ხელისუფლებამ სოციალური მედიის აპლიკაციებისა და სწრაფი შეტყობინებების პლატფორმების დროებითი ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო რადიკალური ისლამისტურის პარტიის მომხრეების მხრიდან ქვეყანაში მომხდარი ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო.

პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელეკომუნიკაციო უწყებას (PTA) 16 აპრილს უბრძანა, 4 საათის განმავლობაში, 11:00-დან 15.00-მდე დაბლოკოს ტვიტერი, იუტუბი, ვოთსაფი, ფეისბუკი და ტელეგრამი. ამ ბრძანების მიზნად სახელდება „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნება“.

ამ გადაწყვეტილების ფონია ისლამისტური პარტია ტეჰრეკ-ე-ლანაიკ პაკისტანის (TLP) ათასობით მომხრის შეტაკება და ძალადობა პოლიციასთან, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა დააპატიმრეს მათი ლიდერი, საად რიზვი. იგი საფრანგეთის ელჩის ქვეყნიდან გაგდებას მოითხოვდა გასულ წელს მოციქული მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებისთვის, რაც ბევრმა მუსლიმმა მკრეხელობად მიიჩნია.


2020 წლის 16 ოქტომბერს ფანატიკოსმა ისლამისტმა პარიზის ჩრდილოეთ გარეუბანში სიცოცხლეს გამოასალმა საშუალო სკოლის მასწავლებელი, სემუელ პეტი, რომელმაც მოსწავლეებს სიტყვის თავისუფლებაზე საუბრისას აჩვენა სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ კარიკატურა წინასწარმეტყველ მუჰამედზე. პირი, რომელმაც მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, 18 წლის ეთნიკურად ჩეჩენი აბდულაჰ ანზოროვი იყო. ის საპოლიციო ოპერაციისას მოკლეს.
მასწავლებლის მკვლელობას ხალხის რისხვა მოჰყვა საფრანგეთში და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან - დაგმობა.


12 აპრილს ისლამისტური პარტიის მიერ ორგანიზებული საფრანგეთის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გადაიზარდა ძალადობაში, რომლის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის, ორი პოლიციელი დაიღუპა. 15 აპრილს საფრანგეთის საელჩომ მოუწოდა თავისი ქვეყნის მოქალაქეებს, დატოვონ სამხრეთ აზიის ეს ქვეყანა. წინა დღით პაკისტანის მთავრობამ პირობა დადო, რომ აკრძალავს ისლამისტური პარტია ტეჰრეკ-ე-ლანაიკ პაკისტანის (TLP) საქმიანობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG