Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა პოლიტიკოსებმა კრიზისის დაძლევის ძალა უნდა მოიკრიბონ - მიიჩნევენ ევროპელი პარტნიორები


ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მოიკრიბონ იმდენი პოლიტიკური ნება და იმდენი პოლიტიკური სიმამაცე, რომ დასძლიონ კრიზისი, - ამის შესახებ აცხადებენ ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის ოფისში. მათი ეს შეფასება „ქართული ოცნების“ პოზიციას ეხება, რომელიც მზად არის ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის 5-პუნქტიან დოკუმენტს.

ასევე ითქვა, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რადგან სასწორზე დევს საქართველოს რეპუტაცია ევროკავშირთან ურთიერთობაში და ამ მესიჯს საქართველოში ჩამოიტანს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, რომლის ვიზიტიც თბილისში აპრილის ბოლოსაა დაგეგმილი.

„ევროკავშირი ცდილობს განსხვავებული პოზიციების დაახლოებას, მაგრამ საბოლოოდ, ცხადია, ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, რომ მიაღწიონ შეთანხმებას. შესაბამისად, ჩვენ მივყვებით სხვადასხვა პოზიციებს, სხვადასხვა პრობლემებს, სასამართლო რეფორმა იქნება თუ სხვა რამ - ეს კომპლექსური პოლიტიკური კრიზისია. კიდევ ერთხელ, ჩვენ ახლა ვფიქრობთ, როგორ გავაგრძელოთ მედიაცია და კრიზისის მართვა, მაგრამ ამ წუთას ახალი არაფერია. ვნახოთ, როგორ დასრულდება ამაზე ფიქრი ორშაბათს - საგარეო საქმეთა საბჭო ამ რეფლექსიის ნაწილია, რადგან ჩვენ გვსურს და უმაღლეს წარმომადგენელს სურს, მოისმინოს მოსაზრებები ფედერალური მინისტრებისგან, თუ რა მხრივ შეიძლება განვითარება.

უმეტესობა უკვე შეხვდა საქართველოს სხვადასხვა წარმომადგენელს და ეს იქნება ნაყოფიერი დებატები, რომელიც, ჩემი აზრით, გვაჩვენებს, თუ რა იქნება ევროკავშირის მიერ გადადგმული შემდეგი ნაბიჯები“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის ოფისის წამომადგენელმა მედიასთან ბრიფინგზე, ქართველი ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

აქვე ითქვა, რომ საქართველოში არსებულ კრიზისზე ისაუბრებენ საგარეო საქმეთა საბჭოს ფორმატში, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შალრ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის იდეა იყო.

"მიზეზი, რის გამოც უმაღლესი წარმომადგენელმა გადაწყვიტა საგარეო საქმეთა საბჭოს ჩართვა, სწორედ ისაა, რომ მას სურს მინისტრების მოსაზრებების მოსმენა, რაც დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მედიაცია. მაგრამ დანიელსონის ვიზიტი უახლოეს მომავალში ან რამე მსგავსი მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ ლანდსბერგისს, დიახ, ის რეგიონს ეწვევა, სხვადასხვა ვიზიტის ჩარჩოში და ეს ცხადია, არ იქნება ფორმალურად მედიაციის ნაწილი, თუმცა, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ის იმავე მესიჯს გააჟღერებს, რასაც ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში ვიმეორებთ - რომ შეთანხმება უნდა შედგეს, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დაძლეულ უნდა იქნეს, რომ სასწორზე საქართველოს რეპუტაციაა, რომ სასწორზე საქართველოს ურთიერთობაა ევროკავშირთან და ბატონი [გაბრიელიუს] ლანსბერგისი, ცხადია, ამ მესიჯს ჩამოიტანს“.

ცოტა ხნის წინ, საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეიქმნა და რომელსაც მხარეებმა ხელი არ მოაწერეს.

31 მარტს თბილისში ისევ უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

12-18 მარტის პირველი უშედეგო ეტაპის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს დაბრუნდა, მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა და 30 მარტს ხელმოსაწერად შესთავაზა კონკრეტული დოკუმენტი.

დანიელსონის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს ხელმოსაწერად შეთავაზებული დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ორი პირობის დაკმაყოფილების გარეშე არ აპირებენ დოკუმენტზე ხელმოწერას. ესენია - ვადამდელი საპარლამენო არჩევნების დანიშვნა, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG