Accessibility links

site logo site logo

ნამახვანჰესის კრიზისის განმუხტვის აუცილებლობაზე ლაპარაკი დაიწყო - რას სთავაზობს ხელისუფლება აქტივისტებს?


16 აპრილს ეკონომიკის სამინისტრომ დაგეგმა შეხვედრა, სადაც კომპანია „ენკას“ წარმომადგენლებს დაინტერესებული სპეციალისტებისთვის არსებული კვლევები უნდა გაეცნოთ. კვლევები ამ დრომდეც საჯარო იყო, სიახლეს წარმოადგენდა ის, რომ შეიქმნებოდა საბჭო, რომელიც კვლევებზე დასკვნებს და შენიშვნებს მოამზადებდა.

შეხვედრაზე მიწვეული სპეციალისტების ნაწილმა არ იცოდა, რომ ისინი საბჭოს წევრებად განიხილებოდნენ - კომპანიამ მოგვიანებით დააზუსტა, რომ მათ მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიცემული სია საბჭოს წევრების სამუშაო ვერსია იყო და არა საბოლოო. საბჭოს წევრებად დასახელებული პირების ნაწილი სხვადასხვა ფორმით ხელისუფლებასთან ან კომპანია „ენკასთან“ არის დაკავშირებული და გაჩნდა კითხვები მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

დღესვე, ქუთაისის სასამართლოს უნდა განეხილა გუმათში აქციისას ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე - სასამართლომ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და სასამართლო პროცესი შეწყდა იმ დრომდე, სანამ სასამართლო აჭარიდან ნამახვანჰესის პროტესტს შემოერთებული პირებისთვის სახაზინო ადვოკატებს არ იპოვის. ამ პროცესს წინ უსწრებდა აქცია ქუთაისში დაკავებულების მხარდასაჭერად.

საპატრიარქოს შემდეგ, დღეს, უკვე ეპისკოპოსმა სტეფანემ გააკეთა განცხადება ნამახვანის პროტესტზე და ხელისუფლებას მოუწოდა, კარგად აეხსნა ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელშეკრულების პირობები და სხვა საკითხები, რაც მღელვარებას იწყებს.

„თუ სიმართლეა, ვთქვათ და არაფერი პრობლემური არ არის ამ ხელშეკრულებაში, მაშინ რა პრობლემაა, დადგნენ პასუხისმგებელი პირები და ახსნან, ეს ასეა, ეს ისეა და არანაირი პრობლემა აღარ იქნება, დასრულდება ეს პროცესი. რად უნდა იქ ან გადაკეტვა გზებისა, ან რაღაცა კორდონების მოწყობა, ან რაღაც ძალისმიერი მეთოდებით გაჩუმება, ეს ხომ არ გაჩერდება?!” - ეკლესიის ამბიონიდან ქადაგებისას იკითხა ეპისკოპოსმა, რომელსაც თავადაც მიმდინარე კრიზისი აქვს ჭყონდიდის ეპარქიაში.

დღევანდელ განცხადებებს წინ უძღოდა 15 აპრილს გვიან საღამოს ქუთაისში გამართული შეხვედრა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნის პასუხად „რიონის ხეობის მცველებს” პრემიერის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაელაპარაკნენ.

ხეობაში კვლავ შეზღუდულია გადაადგილება, პროტესტის მონაწილეები ნამოხვანის მაგივრად თითქმის ერთი კვირაა გუმათში რჩებიან და სპეცსამსახურების მხრიდან მართული პროვოკაციების საფრთხეზე საუბრობენ.

ახალი და ძველი სახელები და სახეები ნამახვანის პროტესტის სიახლოვეს

გამოჩნდა ახალი ადამიანი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელზეც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია ამტკიცებს, რომ ფინანსურად ეხმარება და ფიზიკურადაც მონაწილეობს აქციებში - „რიონის ხეობის მცველები” ამბობენ, რომ ძოწენიძეს მათთვის დაფინანსება არ შეუთავაზებია, თუმცა ნამოხვანში იყო მათთან მისული და უთხრა, რომ გული შეტკიოდა ამ მხარეზე და სოლიდარული იყო პროტესტის მიმართ.

„ჩვენ ვუთხარით, რომ მისი დახმარება იქნება მხოლოდ იმაში, რომ როგორც რიგითი წევრი, დადგეს ჩვენ გვერდით და ამ ფორმით გამოხატოს სოლიდარობა. ამ ფორმით ის გამოხატავდა სოლიდარობას აქამდე, გუშინაც და დღესაც დილით მოვიდა აქ”, – ამბობს მირზა ნოზაძე.

„,თუ ის [ძოწენიძე] მოღალატეა, მოგიწოდებთ ხელისუფლებას და ყველას, ვინც ამ თემით სპეკულირებს, გვაჩვენეთ ჩვენც, რომ გავდევნოთ აქედან. თუ ის მოღალატე არ არის, მაშინ ნებისმიერი ადამიანის თავისუფალი უფლებები უნდა იყოს ამ ქვეყანაში დაცული. დემოკრატიამ ეს უნდა უზრუნველყოს”, - ასეთია „რიონის ხეობის მცველების“ პოზიცია.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთიდან სპეციალური დავალებით თბილისში მოავლინეს ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელიც ფიზიკურადაც დადის ნამახვანის საწინააღმდეგო აქციაზე, ასევე მას დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთიდან მართული პოლიტიკოსების ჩართვა აქციებში. დღეს ამის პირველი მაგალითიც გამოჩნდა - ქართული მარში უკვე ოფიციალურად ჩავიდა გუმათში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად. რაც შეეხება ილია ძოწენიძეს, ის რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებს ფლობს, ასევე მისი კომპანია აშენებს გვირაბებს და გზებს. ძოწენიძე რამდენიმე წლის წინ თავად მედვედევმა დააჯილდოვა ოქროს მედლით წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის. სწორედ ძოწენიძე აფინანსებს საქართველოში მოქმედ ყველა რუსულ პარტიას”, - დაწერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ბოჟაძემ 15 აპრილს ფეისბუკის პირად გვერდზე. სწორედ ამ სტატუსის შემდეგ გაჩნდა მედიაში მასალები ძოწენიძისა და „რიონის ხეობის მცველების” პროტესტის კავშირებზე.

გუშინვე, გუმათში მყოფი ქართული მარშის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არა მხოლოდ იმ დღეს, პირველი დღეებიდან უჭერდნენ მხარს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობას. „რიონის ხეობის მცველებს” ქართული მარშისა და მასთან დაპირისპირებული ჯგუფების გამო შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად საპროტესტო ადგილის შეცვლა მოუწიათ.

რა შედეგებს ელიან აუცილებელ დიალოგსა და სპეციალისტების ჩართულობაზე საუბრებიდან?

საქართველოს საპატრიარქოში დარწმუნებული არიან, რომ ყველა ის განცხადება, რასაც აქტივისტები თუ ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ დიალოგის აუცილებლობასა და პროცესის გამჭვირვალობაზე, მათი 14 აპრილს გაკეთებული განცხადების დამსახურებაა.

„გადავიტანოთ პროცესი სამუშაო რეჟიმში, ეს იყო ყველას ინტერესში. ეს იყო ყველას ინტერესში, ეს იყო ჩვენი დაპირებაც და მოთხოვნებიც, ჩვენ რაც გვესმოდა. სამწუხაროდ, ეს პროცესი არის დიალოგისგან შორს, ჩვენ გვესმის, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა”, - თქვა დღეს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გარემოს დაცვის მინისტრმა. სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა შექმნილიყო ექსპერტთა საბჭო და დაინტერესებული სპეციალისტებისთვის კომპანია „ენკას“ ის კვლევები გაეცნოთ, რომელიც ამ დრომდეც საჯარო და ხელმისაწვდომი იყო.

„ხელისუფლება დამოუკიდებლად გაურიგდა ექსპერტთა ჯგუფებს, ჩვენ ამ პროცესში არავინ გვრთავს”, - თქვა ვარლამ გოლეთიანმა, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის გამოკვეთილმა ლიდერმა ამ შეხვედრის შესახებ.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტიპის შეხვედრებს, მოხარულები ვიქნებით, საპროტესტო აქციების ორგანიზატორებიდანაც თუ ჩაერთვებიან, ან მათი ნდობით აღჭურვილი ექსპერტებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში - საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველას გვაქვს ერთი საერთო ამოცანა: ძლიერი საქართველო ძლიერი ეკონომიკით და ძლიერი ენერგეტიკით”, - ეს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადება იყო ექსპერტებთან შეხვედრაზე, სადაც არ დაზუსტებულა, ვინ შევა ექსპერტთა საბჭოში.

შეხვედრაზე მიწვეული ექსპერტთა ნაწილი, ვინც არ იცოდა, თუ ისინი ექსპერტთა საბჭოს წევრებად განიხილებოდნენ და ამის შესახებ რადიო თავისუფლების მიერ წინასწარი სიის გამოქვეყნების შემდეგ გაიგეს, ამ შეხვედრაზე არ მისულა. სამინისტროს, რომელსაც ნამახვანჰესის პროექტის პროტესტის პარალელურად გამუდმებით აკრიტიკებდნენ გაუმართავი კომუნიკაციის გამო, შეხვედრაზე მიწვეულებისთვის მკაფიოდ განუმარტავს, რომ მათ კვლევებსაც გააცნობდა და ექსპერტთა საბჭოს წევრობასაც შესთავაზებდა.

თეა გოდოლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც შეხვედრაზე არ მივიდა იმის გამო, რომ მკაფიო არ იყო, რას ემსახურებოდა ეს შეხვედრა. თეა კვლავ ადასტურებს მზაობას და სურვილს, რომ პროცესში ის და მისი გუნდი ჩაერთონ, და ამბობს, რომ საბჭო, თუკი ასეთი შეიქმება რეალური განხილვებისთვის, მიუკერძოებელი სპეციალისტებით უნდა დაკომპლექტდეს. „აქ უნდა იყოს არადისკრედიტებული სამეცნიერო გუნდი. გვყავს ქართველებს ეგეთი მეცნიერები, რომლებიც არიან რეალურად საქმის გამკეთებლებიც და სიტყვის მთქმელიც, როგორც, მაგალითად, ბატონი შოთა ადამიაა, გვყვავს ასევე ძალიან კარგი ახალგაზრდა ჰიდროლოგები. ვისურვებდი ასეთ ხალხს და არა მათ, ვისაც არცთუ ისე სასიამოვნო წარსული აქვს და მატერიალურად არის დაკავშირებული ამ კომპანიასთან.

ქალბატონი ნინო წერეთელი და ბატონი თამაზ ჭელიძე, გეოფიზიკის ინსტიტუტიდან არიან „ენკას” ქვეკონტრაქტორები. ბატონი დავით მირცხულავა რეალურად წარმოადგენს „ენკას”, ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება იყოს ამ სიაში. ჩემთვის იყო წარმოუდგენელი ამ პირობებში მონაწილეობა, როცა ინტერესთა კონფლიქტია. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ სახელმწიფოს წინაშე, მოსახლეობის წინაშე”, - ამბობს თეა გოდოლაძე და განმარტავს, რომ სანამ რომელიმე საბჭოს წევრობას დათანხმდება, უნდა იცოდეს, როგორ და რისთვის იმუშავებს ეს სტრუქტურა და რა იქნება მისი მიზანი.

„1 ივნისამდე უნდა მივიღოთ ყველა დაინტერესებულ მხარე და რეკომენდაციები, რასაც გადავხედავთ და ავსახავთ პროექტში, ამისთვის ვაპირებთ შევქმნათ ექსპერტთა საბჭო, სადაც მიეცემა ყველა დაინტერესებულ სტრუქტურას, კვლევით ინსტიტუტს, არასამთავრობო ორგანიზაციას, ცალკეულ ექსპერტს, მიიღოს მონაწილეობა. საბჭოს ძირითადი ფუნქცია იქნება ამ კვლევების გადახედვის, ვალიდაციის და რეკომენდაციების შემუშავების პროცესის კოორდინაცია და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს ვუყრით საფუძველს - ეს ფორმატი იქნება ყველაზე კარგი ფორმატი, რომ თქვენ დარწმუნდეთ იმაში, რომ პროექტი არის სათანადოდ შესრულებული, ჩვენ დავრწმუნდეთ იმაში, რომ არაფერი გამორჩა კომპანიას და, რაც მთავარია, საზოგადოება დარწმუნდეს, რომ პროექტში მაქსიმალურად არის ჩართული ქართველი ექსპერტები”, - თქვა ნათია თურნავამ შეხვედრაზე, სადაც მოწვეული სპეციალისტების მხოლოდ ნაწილი მივიდა.

„დავაყენეთ სამი პირობა, რომელმაც უნდა შექმნას დიალოგის გაგრძელების წინაპირობა. სამ პირობაში შედიოდა კედლის აღება, ჩვენი გადასვლა ნამოხვანში და სამუშაოების შეწყვეტა, რაც მიმდინარეობს. ეს არის საჭირო იმისთვის, რომ გაჩნდეს სივრცე, ვესაუბროთ ხელისუფლებას იმ პრობლემების შესახებ, რაც ხეობაში და, ზოგადად, ენერგოპოლიტიკის მიმართულებით დგას ხეობაში.

მასშტაბური აქციების ფორმით წავა კომპანია „ენკა“ ხეობიდან თუ კონსტრუქციული საუბრის ფორმით, ეს არის მათი გადასაწყვეტი. ჩვენი თვითმიზანი არ არ არის, მრავალათასიანი აქციები ვატაროთ, მაგრამ თუკი ის მოთხოვნები არ შესრულდება, რაც გვაქვს, ბუნებრივია, წავალთ ქუჩის ფართომასშტაბიანი აქციების გზით. თუკი ხელისუფლება გვიწვევს დიალოგში, კი ბატონო! ჩვენ შეგვიძლია მათ დავუსაბუთოთ, რატომ არის ეს პროექტი ანტისახელმწიფოებრივი და მიუღებელი ჩვენთვის. მათაც აღნიშნეს და ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა, რომ თუკი გამოვლინდება, რომ პროექტი არის ანტისახელმწიფოებრივი და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, რა თქმა უნდა, ასეთი პროექტი ვერ განხორციელდებაო. ასეთი ფრაზა თქვა პრემიერის რწმუნებულმა და პირველად გავიგონეთ ამგვარი წინადადება, თუნდაც ჰიპოთეტურად დაშვება, რომ ჰესი შეიძლება არ აშენდეს. სულ ამბობდნენ, რომ ჰესი აუცილებლად აშენდებაო”, - თქვა ვარლამ გოლეთიანმა 16 აპრილის საღამოს, დაძაბული კვირის ბოლოს.

საუბრები კრიზისის განმუხტვაზე, დიალოგზე, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, და საეჭვო საკითხების საჯაროდ განხილვის აუცილებლობაზე გუმათში განთავსებული რკინის კედლის, ხეობაში შეზღუდული გადაადგილების პირობებში მიმდინარეობს. დღეს 20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეს პროცესი სახელმწიფო უსაფრთხოების რისკებს ზრდის.

რიონის ხეობაში 3 აპრილის შემდეგ მოძრაობა შეზღუდულია, „რიონის ხეობის მცველების” პროტესტი 172 დღეა გრძელდება. ახლა აქტივისტები ელიან, რამდენად დაიხევს ხელისუფლება უკან მათი მოთხოვნების შესასრულებლად, ხელისუფლება კი ცდილობს, დიალოგის სიკეთეებზე საუბრით დაარწმუნოს პროტესტის მონაწილეები, რომ მათი ესმის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG