Accessibility links

site logo site logo

გზა ოკუპირებული აფხაზეთიდან - კარანტინის გარეშე


ტესტირების პროცესი ენგურის ხიდთან

გალის რაიონში მცხოვრები, 72 წლის ნარგიზა ჯახუა ერთ წელზე მეტია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არ ყოფილა. ოკუპირებული აფხაზეთიდან ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურის ხიდის გავლით, დღეს დილით გადაკვეთა დე ფაქტო მთავრობის მიერ გაცემული „საშვით“, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 5-დღიან კარანტინში აღარ მოათავსებდნენ. ენგურის ხიდის მეორე მხარეს, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან გახსნილ სამედიცინო პუნქტში კორონავირუსზე სწრაფი ტესტი გაუკეთეს და დაახლოებით 20 წუთში უთხრეს, რომ პასუხი უარყოფითია და გზის გაგრძელება შეუძლია.

„არაფერი შეფერხება არ მქონია არსად. წელიწადნახევარია არ გამოვსულვარ. პირველად ვარ დღეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნარგიზა ჯახუამ. ის სავალდებულო კარანტინის გაუქმებას გალის მცხოვრებთათვის დიდ შვებას უწოდებს, რადგან ბევრი მათგანი დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ 1-2 დღით გადადის სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ან სურსათის და მედიკამენტების შესაძენად.

„ადრეც ასე რომ ყოფილიყო, ის ტრაგედია ხო არ მოხდებოდა?!“ - გვეუბნება 72 წლის პენსიონერი. ნარგიზა ჯახუა გულისხმობდა დაახლოებით ორი კვირის წინ მომხდარ ტრაგედიას, როცა მდინარე ენგურის გადალახვით აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მალულად გადასვლის მცდელობისას მდინარეში დაიხრჩო ოკუპირებული აფხაზეთის 4 მცხოვრები. მათ შორის ერთი ოჯახის 2 წევრი.

ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი დღეიდან, 19 აპრილიდან გაუქმდა. ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებნი კარანტინის ნაცვლად ანტიგენ-ტესტით ტესტირებას ექვემდებარებიან. გადაწყვეტილება 14 აპრილს მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ.

დღეს შეუფერხებლად გადმოვედით და ვნახოთ, მომავალში რა იქნება.
მანანა შენგელია

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ, 55 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაც. ვაქცინის ორი დოზით აცრილები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან ე.წ. საზღვარი დღეს ათეულობით მოქალაქემ გადაკვეთა. ენგურის ხიდთან, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან გახსნილ სამედიცინო პუნქტებში, დღის 12 საათისთვის სწრაფი ტესტი გაუკეთეს 70-მდე მოქალაქეს და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

5-დღიანი კარანტინის გაუქმების პირველ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ძირითადად, გადავიდნენ პენსიონერები, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები და მრავალშვილიანი დედები, რადგან წინასწარ იცოდნენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეები მხოლოდ მათ მისცემდნენ გადაადგილების უფლებას. ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს აფხაზი „მესაზღვრეები“ ე.წ. პასპორტს, ჯანმრთელობის ცნობას, ან „ბინადრობის მოწმობას“ სთხოვდნენ.

ხდება ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც ფაქტობრივად, 20 წუთის დაყოვნების შემდეგ იძლევა პასუხს...
ნანა ოდიშარია

„დღეს შეუფერხებლად გადმოვედით და ვნახოთ, მომავალში რა იქნება“, - გვითხრა გალელმა მანანა შენგელიამ. სწრაფი ტესტირების შედეგად მანაც უარყოფითი პასუხი მიიღო და ენგურის ხიდიდან გზა ზუგდიდისკენ გააგრძელა.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების ტესტირებას აკვირდებოდნენ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანზორ ქობალია.

ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ტესტირება დილის 8 საათიდან დაიწყება და ბოლო მგზავრის მიღებამდე გაგრძელდება, ადგილზე კი მობილიზებული იქნება 4 სამედიცინო ბრიგადა:

"ხდება ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც ფაქტობრივად, 20 წუთის დაყოვნების შემდეგ იძლევა პასუხს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თავისუფლად გადაადგილდებიან მოქალაქეები, დადებითი პასუხის შემთხევაში კი, მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადა, რომელიც შეაფასებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმის შესაბამისად იქნებიან გადაყვანილი კოვიდ-კლინიკაში ან საკარანტინე სივრცეში, ან შესაძლოა, გადაწყდეს სახლში იზოლაცია".

რაც შეეხება ვაქცინაციას, ნანა ოდიშარიას განმარტებით, მგზავრებს სამედიცინო კარვებში მიეწოდებათ ინფორმაცია აცრის შესახებ და თანხმობის შემთხვევაში, ადგილზევე დაარეგისტრირებენ მათთვის სასურველ დროს და სასურველ კლინიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ორი დოზით აცრილი მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ, ოკუპირებული აფხაზეთიდან დღეს გადმოსული მოქალაქეების ნაწილმა გვითხრა, რომ არ აიცრება, რადგან ვაქცინების უსაფრთხოების არ სჯერა. ნაწილს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის 2020 წელს ამოქმედდა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის რეჟიმი, რომელიც მოგვიანებით 8 დღემდე შემცირდა, ხოლო 2021 წლის 11 თებერვლიდან 5 დღემდე.

კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლები.

ე.წ. საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებნი დანარჩენ საქართველოში გადასვლას ხშირად ცდილობენ შემოვლითი გზებით. ე.წ. საზღვრის კვეთის პრობლემებს ემატებოდა სავალდებულო კარანტინიც.

7 აპრილს, მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან ოპოვეს ადიდებულ მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანი. ისინი ენგურის გავლით ცდილობდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG