Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარიას განცხადებით, შეთანხმების დოკუმენტი, სამწუხაროდ, არ არის კრიზისის გადაჭრის გზა


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლას ითვალისწინებს, ხელს არ აწერს „ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი, მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

„როგორც იცით, მე ევროპული საქართველო დავტოვე, შესაბამისად, სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას და არა მე. არ მიმაჩნია კეთილსინდისიერად, ვისარგებლო იმით, რაც მე არ მეკუთვნის", - წერს „ფეისბუკზე" ხოშტარია.

პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ არსებული კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა, არის ახალი, სამართლიანი არჩევნების გზით, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების არჩევა.

„მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, სამწუხაროდ, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა", - აღნიშნა მან და დაამატა, - „შესაბამისად, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, კიდევ ბევრია სამუშაო კრიზისის გადასალახად. პირველ რიგში პოლიტპატიმრების გამოშვება და პოლიტიკური დევნის სამარცხვინო პრაქტიკის დასრულება".

ხოშტარიასგან განსხვავებით, დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობა საჯაროდ უკვე გამოთქვეს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ასევე, „ლელოს", „სტრატეგია აღმაშენებლის" და „გირჩის" წარმომადგენლებმა. დოკუმენტს ეთანხმება „ქართული ოცნებაც".

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG