Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში 


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან ერთად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს მმართველი პარტიის მხრიდან ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

„ეს შეთანხმება სწორედ ამას ემსახურება და ვფიქრობ, რომ პოზიტიური ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი განმარტებები მოვისმინეთ, გაკეთდა მნიშვნელოვანი განმარტებები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიც არის პატიმრების საქმეები, როგორიც არის 43% -იანი ნდობის ზღვრის გამოყენება თვითმმართველობის არჩევნებში, ასევე 2/3-იანი კვორუმების პრინციპების გამოყენება, რომელთან ერთად არსებობს შეთანხმება, რომ ჩვენ შემოვიღებთ და კანონში გავწერთ, ასევე, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან. მსურს მადლობა გადავუხადო მედიაციისთვის პრეზიდენტ მიშელს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში, რაც მთავარია ჩვენს თანამოქალაქეებს იმისთვის, რომ მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ თვეების განმავლობაში საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში,“- თქვა თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა ცერემონია, რომელიც ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.

სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდნენ ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი და „ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG