ირანმა და მსოფლიოს სახელმწიფოებმა წინსვლას მიაღწიეს მოლაპარაკებაზე 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების გარშემო, მაგრამ „ბევრად უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი“ საჭირო ხელშეკრულების გადასარჩენად, განაცხადა ევროპის კავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 20 აპრილს.
ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ, ენრიკე მორამ, ეს განცხადება ტვიტერზე 20 აპრილს გააკეთა და დასძინა, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირას განახლდება.
მოლაპარაკება ირანს, ჩინეთს, რუსეთს, საფრანგეთს, ბრიტანეთსა და გერმანიას შორის, შეერთებული შტატების არაპირდაპირი მონაწილეობით, ევროპის კავშირის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს ვენაში.
"მონაწილეებმა შეაჯამეს ვენაში მიმდინარე მოლაპარაკების წინსვლის შედეგები კონკრეტულ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროა სანქციების გაუქმებისა და ბირთვულ სფეროში პირობების შესრულების საქმეში, ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმაში (JCPOA) შეერთებული შტატების შესაძლო დაბრუნებისთვის და მისი სრული და ეფექტიანი განხორციელებისთვის", - ნათქვამია ევროპის კავშირის განცხადებაში, ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმის გარშემო.
ერთობლივი კომისია, რომელიც მოლაპარაკებებს უწევს ზედამხედველობას, შეთანხმდა მესამე საექსპერტო ჯგუფის შექმნაზე შესაბამისი ზომების შესაძლო თანმიმდევრულობის შესწავლის მიზნით, წერია განცხადებაში.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნედ პრაისი, მიესალმა სამუშაო გუნდის შექმნას და დაეთანხმა იმას, რომ სამუშაო ბევრად მეტია. "ჩვენ ბევრად გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ვიდრე ის, რომელსაც უკანა სარკეში ვხედავთ", განაცხადა პრაისმა მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე.
ირანის სახელმწიფო მედიის მიხედვით, აბას არაყჩიმ, ბირთვულ სფეროში მოლაპარაკებაზე ირანის მთავარმა წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ მაშინ, როცა ვენის მოლაპარაკებები წინ მიიწევს, თეირანი შეწყვეტს მოლაპარაკებებს, თუკი "უსაფუძვლო მოთხოვნების", დროის ხარჯვის ან ირაციონალური მოლაპარაკებების წინაშე აღმოჩნდება.
მოლაპარაკებების მიზანია, აღადგინოს ირანთან ბირთვული ხელშეკრულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დატოვა 2018 წელს. ევროპის კავშირი ახორციელებს საშუამავლო დიპლომატიას შეერთებული შტატების მომლაპარაკებლებთან, რომლებიც მახლობელ სასტუმროში არიან დაბინავებული, რადგან თეირანმა უარი თქვა ვაშინგტონთან პირისპირ მოლაპარაკებებზე.