Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ჩეხეთს მის ტერიტორიაზე დამნაშავეობრივ ქმედებასთან დაკავშირებით


„ევროკავშირი გადაჭრით გმობს ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო მოქმედებებს, რასაც მოჰყვა ვრბეტიცეში საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქება 2014 წელს,“ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროში უზენაესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.

აფეთქებამ, რომელსაც მოჰყვა ორი ჩეხი მოქალაქის დაღუპვა, საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას და გამოიწვია დიდი მატერიალური ზარალი. ევროკავშირი უკიდურესად სერიოზულად ეკიდება ჩეხეთის ხელისუფლების დასკვნას, რომელიც ეფუძნება ფართო გამოძიებას და რომლის თანახმად, ეს ქმედება ჩადენილია რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების მიერ.

განცხადებაში გამოხატულია ევროკავშირის ღრმა შეშფოთება საერთაშორისო სამართლის და ჩეხეთის სუვერენიტეტის ყველა ამგვარი დარღვევის გამო, რომელიც შეიძლება შეეხოს ევროკავშირის წევრებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს იმგვარი მოქმედებებისგან, რომლებიც მუქარას წარმოადგენს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ევროპაში და ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. განცხადებით, ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩეხეთის რესპუბლიკას და მხარს უჭერს მისი ხელისუფლების მიერ დღემდე გადადგმულ ნაბიჯებს და მზად არის მხარში დაუდგეს მას დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისკენ სწრაფვაში.

ევროკავშირი გმობს რუსეთის არაპროპორციულ რეაქციას და შემდგომ მუქარას ჩეხეთისადმი, წერია ბორელის განცხადებაში, რომელშიც ნათქვამია, რომ თავისი წევრების და თავისი უსაფრთხოების და ინტერესების წინააღმდეგ რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობის მიმართ ევროკავშირს კვლავაც ექნება უმძაფრესი რეაქცია გარემოების შესაბამისად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG