Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ახლა არ იყო ამის დრო“ - ანტივაქსერების წახალისება თუ დისკუსია ვაქცინაციაზე


„იმედის“ გადაცემა „პრაიმ შოუმ“ 21 აპრილს ვაქცინაციის მომხრე და სკეპტიკურად განწყობილი სტუმრები შეკრიბა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების შესახებ სასაუბროდ. ვირუსულად კი გადაცემის 5-წუთიანი ფრაგმენტი - ერთ-ერთი მიწვეული სტუმრის „ანტივაქსერული“ განცხადებები - გავრცელდა.

„იმედმა” ხუთი წუთისა და 18 წამის ხანგრძლივობის ვიდეო ფეისბუკზე ცალკე ატვირთა და სათაურად ციტატა გამოიტანა: „ეს ვაქცინები არის ექსპერიმენტული და მათი გამოცდა დასრულდება 2023 წელს - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინათინ თოფურია“. სამედიცინო სფეროსა და ფეისბუკმომხმარებელთა ნაწილის აღშფოთების შემდეგ „იმედმა“ ფეისბუკპოსტს დაურთო ვრცელი განმარტება, რომ ჰომეოპათ თინა თოფურიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვაქცინების ექსპერიმენტულობასა და ფერტილობაზე მათი ზეგავლენის შესახებ, სინამდვილეში, დეზინფორმაცია იყო.

ეკატერინე ბერიშვილი - ჟენევის უნივერსიტეტის ქართველი მეცნიერი
ეკატერინე ბერიშვილი - ჟენევის უნივერსიტეტის ქართველი მეცნიერი

ვიდეო ანიტვაქსერული განცხადებებით კვლავ „იმედის“ ფეისბუკგვერდზე რჩება და მისი ატვირთვიდან 21 საათის შემდეგ რვა ათასზე მეტი გაზიარება აქვს. ჟენევის უნივერსიტეტის ქსოვილოვანი ინჟინერიისა და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ეკატერინე ბერიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „წყალში იყრება“ იმ ექიმების საქმე, რომლებიც ამდენი ხანია ცდილობენ აუხსნან საზოგადოებას, თუ რამდენად აჭარბებს ვაქცინების სარგებელი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

მივიღეთ შედეგი ის, რომ მიდის ამ ამონარიდის გადაშეარება. ხალხი, ვისაც ეჭვი ეპარებოდა და ცოტა სკეპტიკურად იყო, ვექტორი გადაიხარა მათკენ.

3 კვირაა, საქართველოში ვარ. ლამის შევიცვალე პროფილი იმისთვის, რომ ვაქცინების შესახებ გავავრცელო ინფორმაცია და გავაგებინო ხალხს, რომ მასში საგანგაშო არაფერი არ არის და საშიშია ვირუსი და ის გართულებები, რაც მას მოჰყვება”, - ეკატერინე ბერიშვილი იმასაც გვიხსნის, თუ რატომ აქვს ვაქცინებს მინიჭებული „გადაუდებელი გამოყენების“ ლიცენზია, რაზედაც „იმედის“ ვირუსულ ფრაგმენტში იყო საუბარი;

ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ პანდემიის პირობებში ბიოტექნოლოგიურმა კომპანიებმა არ დაიწყონ კომერციული გაყიდვები და არ მიიღონ იმაზე მეტი სარგებელი, ვიდრე აქვთ, - გვეუბნება ჟენევის უნივერსიტეტის ქართველი მეცნიერი.

ექიმი - თამარ ჟამურაშვილი
ექიმი - თამარ ჟამურაშვილი

ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმი თამარ ჟამურაშვილი კი ფეისბუკზე პასუხობს თინა თოფურიას და "იმედის" გადაცემაში მიწვეული სხვა სტუმრების დაუსაბუთებელ მოსაზრებებს:

„ასეთ სახიფათო მდგომარეობაში ასეთ სათუთ თემაზე რომ აკეთებ გადაცემას და თინების ნაირ ხალხს მოიწვევ, იმის შნოც უნდა გქონდეს, არგუმენტირებული ოპონირება გაუწიო და მხოლოდ გაჩუმებაზე არ იყო ორიენტირებული.

კითხვა: ფერტილობა და ვაქცინა!

პასუხი: რა შუაშია, საერთოდ? რომელი ვაქცინა ახდენს ფერტილობაზე გავლენას, რომ ამან იქონიოს? დაიდო კვლევა, რომლის მიხედვითაც ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინა ორსულებისთვისაც კი უსაფრთხოა.

კითხვა: 5-10 წლის მერე ვაქცინა რას გამოიწვევს?

პასუხი: რა უნდა გამოიწვიოს 5-10 წლის შემდეგ, როცა 6-8 თვეში კარგავს, სავარაუდოდ, ძალას და, ალბათ, ახალი დოზა დაგვჭირდება. დიახ, ალბათ!! მეცნიერები მკითხავები არ არიან, რეალურად ამ დროის მონაკვეთში ვიმყოფებით ახლა. დიახ, ახლა ხდება ეს ყველაფერი (!!!) და აცრიდან 8-12 თვის გასვლის შემდეგ შეგვეძლება დაზუსტებით რამის თქმა.

კითხვა: სიმახინჯეებს ხომ არ იწვევს?

პასუხი: როგორ გამოიწვევს რნმ-ვაქცინა ან ვექტორული ვაქცინა სიმახინჯეებს? ფიზიოლოგიის მინიმალური საფუძვლები მაინც თუ გაქვს წაკითხული, ეს კითხვა აზრადაც არ მოგივა. რნმ გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი არ არის ადამიანის ორგანიზმში და, შესაბამისად, ვაქცინის რნმ-მა რა უნდა ჩაანაცვლოს? სად უნდა ჩაშენდეს, რომ რაიმე გენეტიკური ცვლილება გამოიწვიოს? - წერს ფეისბუკზე თამარ ჟამურაშვილი.

"მედიაჩეკერის" მთავარი რედაქტორი - გიორგი გოგუა
"მედიაჩეკერის" მთავარი რედაქტორი - გიორგი გოგუა

მედიის ექსპერტები კორონავირუსის პანდემიისა და ვაქცინების შესახებ ინფორმაციის გავრცელების სტანდარტებზე ამახვილებენ ყურადღებას. მედიაჩეკერის მთავარი რედაქტორი გიორგი გოგუა სამ პრობლემას გამოყოფს:

  • გადაცემაში ანტივაქსერების მოწინააღმდეგეების არსებობა არ ამართლებს იმ ვითარებას, რომ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე საუბრისას მოწვეული სტუმარი ავრცელებს მეცნიერულად დაუსაბუთებელ ინფორმაციას, რაც ქმნის დიდ პრობლემას.
  • გადაცემის დაწყებისას წამყვანებმა თავიანთ ინსტაგრამგვერდზე მიღებული სტატისტიკა [რომ გამოკითხულთა უმეტესობა ვაქცინაციის მოწინააღმდეგეა] გამოიყენეს გადაცემის საბაბად. თავისი გამომწერებით მიღებული შედეგი არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურ კვლევად, რაც რეალურად აზიანებს გარემოს, როდესაც ვიცით, რომ არსებობს სკეპტიკური დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ.
  • თუ გადაცემაში მოცემულია ანტივაქსერების არგუმენტები და კონტრარგუმენტები, ფეისბუკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე არის მოცემული მათი საუბარი, ანტივაქსერული პროპაგანდაა. მედიას კი პასუხისმგებლობა აქვს, სიფრთხილით მოეკიდოს ასეთ საკითხს.

იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს გაშუქების სტანდარტი ვაქცინაციის თემებზე საუბრისას, საქართველოს ეთიკის ქარტიას არაერთი სახელმძღვანელო რეკომენდაცია აქვს გამოცემული.

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაზე „მითების დეტექტორი“, პლატფორმა, რომელიც დეზინფორმაციის კვლევით და ფაქტების გადამოწმებითაა დაკავებული, წერს, რომ „იმედმა“ ფეისბუკზე ანტივაქსერის კომენტარი ფრაგმენტულად და დაუბალანსებლად გაავრცელა.

პროდიუსერი - ნოე სულაბერიძე
პროდიუსერი - ნოე სულაბერიძე

„განსხვავებული აზრი ყოველთვის არსებობს ყველა თემაზე და ყველა ქვეყანაში. პირიქით, კონტრასტისთვის რომ გვეჩვენებინა ეს დამაჯერებლობა, სწორედ მაგიტომ იყო ეს ყველაფერი, - ამბობს „პრაიმ შოუს“ წამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

კითხვაზე, ხომ არ წაახალისა ფეისბუკზე ცალკე, უკონტექსტოდ გავრცელებულმა ვიდეომ ანტივაქსერული განწყობები, ნოე სულაბერიძე გვეუბნება, რომ პირიქით, მეტმა ადამიანმა მიიღო ინფორმაცია ვაქცინაციის საჭიროებაზე. მიზეზი ის არის, რომ „ნეგატივი უფრო მალე ვრცელდება“.

თუ თვითმიზანი არის, რომ ვაჩვენოთ კონტექსტი, სადღაც ვთვლით, რომ ფეხი აგვიცურდა და პირიქით გამოგვივიდა, ასე არ ვთვლით. პირიქით, მეტმა ადამიანმა მიიღო გაცილებით დამაჯერებელი ინფორმაცია ვაქცინაციისთვის, რაც არის უპირობო და ერთადერთი გზა, - ამბობს ნოე სულაბერიძე.

ჯანდაცვის ექსპერტი - ვატო სურგულაძე
ჯანდაცვის ექსპერტი - ვატო სურგულაძე

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე, ზოგადად, მიესალმება დისკუსიას ყველა თემაზე და კონტრარგუმენტებით საუბრებს, მაგრამ „ახლა ამის დრო არ იყო”, - გვეუბნება ის.

ახლა ჩვენ არ ვართ იმ სიტუაციაში, რომ მოვაწყოთ შოუ და კამათი ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო დეკემბერში, იანვარში, სანამ ვაქცინას შემოიტანდნენ. ახლა იმდენად რთული პერიოდია, რომ ამის დრო არ არის. მესამე ტალღა დაიწყო, ბევრი პრობლემებია, სახელმწიფოებრივი აზროვნებით უნდა მივუდგეთ. პირიქით, უნდა შეიკრიბონ პროფესიონალები, რომლებმაც თავადვე უნდა აჩვენონ ვაქცინის უარყოფითი და დადებითი მხარეები. ისედაც დაქვეითებული მოთხოვნა ვაქცინაციაზე საერთოდ მოკლეს, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG