Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მისია ეუთოში: კრემლი ავიწროებს რადიო თავისუფლებას რუსეთში


22 აპრილს ეუთოს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესია მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) წინააღმდეგ. ამ საკითხზე ვენაში სიტყვით გამოვიდა აშშ-ის მისიის ხელმძღვანელი ეუთოში ელიზაბეთ როზენსტოკ-სილერი, რომელმაც განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს დისკუსიას რუსეთში ცალკეული ჟურნალისტების დევნის თაობაზე.

„აშშ იზიარებს ევროკავშირისა და ცალკეული ქვეყნების შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს სიტყვის თავისუფლების ჩახშობისკენ მიმართულ მოქმედებას“, - განაცხადა როზენსტოკ-სილერმა.

ერთ-ერთ მაგალითად ამერიკელმა დიპლომატმა მოიყვანა რუსეთის უშიშროების მიერ ვებსაიტ „საჭირო ისტორიების“ მოსკოვის ოფისში და ამ გამოცემის მთავარი რედაქტორის, რომან ანინის სახლში 9 აპრილს ჩატარებული ჩხრეკა. ამ დევნას წინ უძღოდა ვებსაიტზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები რუსი მაღალჩინოსნების შესაძლო კორუმპირებული საქმიანობის თაობაზე.

22 აპრილს ეუთოს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე ელიზაბეთ როზენსტოკ-სილერმა ახსენა რუსეთის ხელისუფლების მიერ რთე/რთ-ის რუსული სამსახურის „ზღვარგადასული დაჯარიმება“ უცხოეთის აგენტის შესახებ კანონის ნორმების დარღვევისთვის.

7 აპრილს მოსკოვის სასამართლომ ძალაში დატოვა რუსეთის მედიის მონიტორინგის უწყების, „როსკომნადზორის“ მიერ რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების (რთე/რთ) რუსულენოვანი სამსახურებისთვის დაწესებული ჯარიმები მათ მიერ „უცხოეთის აგენტის“ კანონის სავარაუდო დარღვევებისთვის.

ტვერის რაიონის სასამართლომ ძალაში დატოვა 5,5 მილიონი რუბლის (70700 აშშ დოლარი) ჯარიმა და უარყო რთე/რთ-ის აპელაცია.

მთლიანობაში „როსკომნადზორმა“ რთე/რთ-ის წინააღმდეგ 390 სარჩელი შეიტანა იმისთვის, რომ მედიაკომპანიამ „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით არ აღნიშნა მასალა, რომელიც რუსეთში ვრცელდება.

დღეისთვის სასამართლომ ძალაში დატოვა 260 სარჩელი, რომლებიც მთლიანობაში 1 მილიონ დოლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებს.

რთე/რთ-ის პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ განაცხადა, რომ კომპანია „რუსეთის ხელისუფლებას მიზანში ჰყავს ამოღებული, ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთში მზარდი აუდიტორიისთვის ობიექტური ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდებას მაშინ, როცა კრემლი ცდილობს რუსეთის ხალხს შეუზღუდოს ინფორმაციაზე წვდომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG