რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა ივნისში სამიტი გამართოს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, - აცხადებს კრემლის მაღალი რანგის თანაშემწე 25 აპრილს.
მინდინარე თვეში ბაიდენი გამოვიდა რუსეთის ლიდერთან პირისპირ შეხვედრის ინიციატივით, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გაღრმავების ფონზე. კრემლი აცხადებს, რომ სამიტის შეთავაზებას დადებითად განიხილავს და ვაშინგტონთან მიმდინარეობს პირველი ეტაპის მოლაპარაკებები.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში პუტინის მთავარი თანაშემწე, იური უშაკოვი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა სამიტი, შესაძლოა, ივნისში გაიმართოს.
"ასახელებენ ივნისს და უკვე კონკრეტული თარიღებითაც გამოდიან", - უთხრა უშაკოვმა, რომელიც ერთ დროს აშშ-ში ელჩი იყო, სახელმწიფო ტელევიზია "რასია-1"-ს და დასძინა: "გადაწყვეტილებას ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღებთ".
ასევე 25 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ სამიტის შესახებ წინადადება "დადებითად იქნა აღქმული და ამჟამად განხილვის პროცესშია".
ივნისში გამართული სამიტი შესაძლოა დაემთხვეს ბაიდენის დაგეგმილ ვიზიტებს ბრიტანეთში, დიდი შვიდეულის სამიტზე და ბრიუსელში, ნატოს და ევროკავშირის სამიტებზე.
თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენსა და პუტინს შორის სამიტი სავარაუდოდ გაიმართება ევროპის ნეიტრალურ ქვეყანაში, და ავსტრიამ და ფინეთმა უკვე გამოთქვეს ორი ლიდერის მასპინძლობის მზადყოფნა.
რუსეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა ღრმავდება უკრაინის კონფლიქტის, მოსკოვისთვის კიბერთავდასხმების და არჩევნებში ჩარევის შესახებ ინფორმაციის გამო დაწესებული სანქციების, კრემლის კრიტიკოსის, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მდგომარეობის და სხვა საკითხების გარშემო.