Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: აუცილებელია ამნისტიის კანონში 3 პრინციპის გათვალისწინება


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

საქართველოს პარლამენტის არჩეული დეპუტატის, „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ამნისტია არ შეეხოს ადამიანებს, ვინც 20 ივნისს ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა და აგრეთვე ვინც განზრახ მძიმედ დასაზიანებლად ესროდა მშვიდობიან დემონსტრანტებს, აუცილებელია კანონში 3 პრინციპის გათვალისწინება:

  • „1. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს დაზარალებულის აუცილებელ თანხმობას - ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ ამ პირის მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების მსხვერპლი არ იქნება თანახმა მისთვის პატიებაზე;
  • 2. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას - ეს ნიშნავს, რომ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ან კონვენციით აკრძალულ სხვა დანაშაულს;
  • 3. ამნისტია უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ იმ კონკრეტულ დანაშაულებს, რომელზეც მიმდინარეობს უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა - ეს ნიშნავს, რომ რადგან „ქართულმა ოცნებამ“ აქამდე არ გამოიძია, თუ ვინ იყვნენ 20 ივნისს ბრძანების გამცემი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, მომავალში ობიექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ ამ ამნისტიით ვერ გათავისუფლდება ვერც ერთი პირი, რომელსაც დაუდგინდება ასეთი ტიპის დანაშაული“, - აღნიშნავს დავით ბაქრაძე.

დავით ბაქრაძის თანახმად, გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოლაპარაკებების მთელი პროცესის მანძილზე ოპოზიციის მოთხოვნა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიზებულ საქმეებზე ბრალდებული პირების მიმართ დევნის შეწყვეტა იყო მაშინ, როდესაც მმართველ პარტიას არ დაუყენებია ბრალდებული სამართალდამცავების ამნისტირების საკითხი. შესაბამისად, დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების ეტაპზე, მხარეების ხელოვნური „გათანაბრება“ და ტოლობის ნიშნების დასმა ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შეთანხმების შესრულებისთვის ხელოვნური პრობლემის შექმნა.

დავით ბაქრაძე მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესრულებას და ამნისტიის კანონში სრულად გაითვალისწინოს ზემოთ მოყვანილი სამი პრინციპი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ აპირებს კანონის ინიცირების, განხილვისა და კენჭისყრის პროცესის მხარდაჭერას.

27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომლის შექმნასაც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ამ დროისათვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ასევე სამართალდამცავებზე, რომელთაც გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 25 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.

XS
SM
MD
LG