რუმინეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზადდება ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ატაშეს თანაშემწის, ალექსეი გრიშაევის, გაძევება.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გრიშაევის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საფძველია „საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს“.
როგორც რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური იუწყება, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბოჰდან აურესკუს განკარგულების თანახმად, ამ საკითხთან დაკავშირებითი სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი რუმინეთში ვალერი კუზმინი.
ბუქარესტის ნაბიჯის პასუხად, რუსეთის პარლამენტში უკვე განაცხადეს, რომ მოსკოვმა თავისი დიპლომატის გაძევებას „ადეკვატურად, სინქრონულად და, შესაძლოა, ასიმეტრიულად“ უნდა უპასუხოს.
„ასეთი გამოხდომა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა.
პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად, რუმინეთიც დაემატა ევროკავშირის ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც ჩეხეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად გარკვეულ ზომებს მიმართეს თავიანთ ტერიტორიაზე არსებული რუსეთის დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ. გასულ კვირაში ჩეხეთმა რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა ვრბეტიცეს იარაღის საწყობებში 2014 წელს მომხდარ აფეთქებებეში, რასაც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის დიპლომატიური მისიის 18 თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოჰყვა.
9 აპრილს რუსეთმა ქვეყნიდან გააძევა ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი, პასუხად ჩეხეთის ხელისუფლების მხრიდან დაზვერვის თანამშრომლებად იდენტიფიცირებული, 18 რუსი დიპლომატის გაძევებაზე. ორივე მხარემ სამთავრობო თვითმფრინავები გაგზავნა დიპლომატებისა და მათი ოჯახების შინ დასაბრუნებლად.