Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე: დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია


პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას შეწყალების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ილაპარაკა საზოგადოებაში ეროვნული თანხმობის საჭიროებაზე.

„მეგობრებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს და დამარცხებული არ ჰყავს დღევანდელ დღეს, საქართველოს, როგორც არაერთხელ ჰყავდა დამარცხებული. დღეს საქართველოში ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები, რომელზეც შევთანხმდით, სრულდება. ახალი კულტურა ყალიბდება საქართველოში ამით და მე იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმებებით ვივლით. დღეს საქართველოს, ისე როგორც არასდროს სჭირდება შარლ მიშელის, მე დავარქმევდი ევროპული ეროვნული თანხმობის დოკუმენტის სრულფასოვანი შესრულება. ჯერჯერობით ორივე მხარე უჩვენებს საკუთარი ვალდებულების შესრულებას. აღარ ვისაუბრებ სკეპტიკოსებზე. იმედი მაქვს, რომ დღეის შემდეგ დისკუსიაში აღარ იქნება საუბარი იმის შესახებ, ვინ არის ჩვენს შორის უფრო ცუდი, არამედ საუბარი იქნება იმაზე, რომ ვიზრუნოთ შეთანხმების შესრულებაზე", - განაცხადა ვაშაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას დღეს სჭირდება ეროვნული თანხმობა და შეთანხმების იმპლემენტაცია.

„შეთანხმების იმპლემენტაცია ნიშანვს საქართველოს პოლიტპატიმრების გარეშე, საქართველოს სამართლიანი მართლმსაჯულებით და საქართველოს სამართლიანი არჩევნებით", - აღნიშნა ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი რურუა მას შემდეგ შეიწყალა, რაც ოპოზიციის ნაწილმა შეწყვიტა ბოიკოტი და პარლამენტში შევიდა.

გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი გათვალისწინებული იყო ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმებით, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით მომზადდა.

XS
SM
MD
LG