Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის განმარტებით, გიორგი რურუა ციხეს დღეს დატოვებს


დიმიტრი საძაგლიშვილი
დიმიტრი საძაგლიშვილი

„მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ეხმაურება პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს.

„ძალიან კარგია, რომ დასრულდა გიორგი რურუას უკანონო პოლიტიკური პატიმრობა, ის საპყრობილეს დატოვებს დღესვე“, - აღნიშნა საძაგლიშვილმა და დაამატა, - „რეალურად ის ციხეში იჯდა ჩადებული იარაღის გამო და იმის გამო, რომ არის „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმა ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ პარტიას შორის გაფორმებული შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას და გამოსცა რურუას შეწყალების აქტი.

გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი გათვალისწინებული იყო ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმებით, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით მომზადდა.

რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

XS
SM
MD
LG