Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამიას თქმით, რურუა იმის გამო იყო ციხეში, რომ "მთავარი არხის" თანადამფუძნებელია


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

„მთავარი არხის" მეწილეს გიორგი რურუას ციხესთან დახვდა ამავე არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც მის დაპატიმრებას, სწორედ ტელეკომპანიას უკავშირებს.

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს ერთი და სხვა მრავალი. ეს ქვეყანა დახუნძლულია პოლიტიკური პატიმრებით, პოლიტიკური დევნილებით. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მუდმივად ამ პერიოდის განმავლობაში არ მტოვებდა იმის განცდა, რომ გიორგი იმის გამო იყო ციხეში, რომ ის ჩვენ მიერ დაფუძნებული არხის თანადამფუძნებელია. ეს ძალიან დიდი სიმძიმე ჩვენ ყველას მოგვეხსნა. რაც მთავარია, მოგვეხსნა ამ ძალიან დიდი სიხარულის ფორმით, რასაც მისი შეწყალება ერქვა. ვულოცავ გიორგის და ძალიან მალე მიმელოცოს ყველა იმ ადამიანებისთვის, რომლებითაც სავსეა საქართველოს ციხეებში. პირველ რიგში და უმთავრესად ნიკა მელიას ვგულისხმობ", - აცხადებს გვარამია. მან ასევე ილაპარაკა ადამიანებზე, რომლებიც „ქვეყანაში ვერ ჩამოდიან, იმიტომ, რომ ელოდებათ პატიმრობა".

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმა ოპოზიციის ნაწილსა და მმართველ პარტიას შორის გაფორმებული შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას და გამოსცა რურუას შეწყალების აქტი.

გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი გათვალისწინებული იყო ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმებით, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით მომზადდა.

რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG