საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ოპოზიციურ პარტიებთან რამდენიმესაათიანი შეხვედრა გამართა. როგორც
„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლიეტუვა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის დახმარებით მიღწეული შეთანხმების შესრულებას დააკვირდება.
„ლელო"-ს გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ლიეტუვა მიესალმება პარტიებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას. „მათი მხრიდან იქნება პროცესის სრული მონიტორინგი, რომ მხარეების მიერ ყველა ვალდებულება შესრულდეს. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ სხვა პარტიები, რომლებიც შესაძლოა გახდნენ ამ შეთანხმების ნაწილი, შეთანხმებას შეუერთდნენ, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ შეთანხმება შედგა", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ შეხვედრაზე ილაპარაკეს პოლიტიკურ კრიზისზე, „რომლის განმუხტვის გზაც ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ ჩანს". როგორც დეკანოიძე ამბობს, „ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, ოპოზიციაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა. ჯერჯერობით საქართველოში ვერ მოხერხდა ბოლომდე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. სანამ ეს ხელისუფლებაა და სანამ სამართლებრივად პოლიტიკური მექნიზმები იქნება ამოქმედებული პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ეს კრიზისი ვერ განიმუხტება".
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზარაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. 29 აპრილს ის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. დაგეგმილია პრესკონფერენცია მედიის წარმომადგენლებთან.
19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ცალკეულმა დეპუტატებმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის დაძლევა პარლამენტში ოპოზიციის შესვლის და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხების მოგვარებისა და პარლამენტში ძალაუფლების განაწილების გზით.
შეთანხმებას ხელი არ მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც მოითხოვს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლებას და არა გირაოს გადახდის, ან ამნისტიის საფუძველზე. პარტიის უარის მიუხედავად, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს ბლოკის "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" სიით არჩეულმა სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და გრიგოლ ვაშაძემ.
შეთანხმების შინაარსი მიუღებელია პარტია "ევროპული საქართველოსთვის", თუმცა, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს პარტიის საარჩევნო სიით არჩეულმა დავით ბაქრაძემ, შალვა შავგულძემ და არმაზ ახვლედიანმა.
დოკუმენტს ხელი არ მოაწერა "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრად არჩეულმა შალვა ნათელაშვილმა.