Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დანაშაულის ჩადენის რისკის" გამო მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა


თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა სამივე ბრალდებული, რომელსაც გამოძიება "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობდა დანაშაულის ჩადენის განმეორების მაღალი რისკი.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა "აი იას" შეგროვებული ხელწერილები, რომლითაც მომღერალი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") და თბილისის საკრებულოს წევრი, ვატო შაქარიშვილი დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებას ითხოვდნენ.

"როცა ვაყენებთ პირად თავდებობას, მნიშვნელოვანია, პირები, რომლებიც თავდებობის პასუხისმგებლობას იღებენ, უშუალო და ახლო ურთიერთობაში უნდა იყვნენ ბრალდებულებთან. ვერც ერთმა პირმა სასამართლოს ვერ დაუსაბუთა, რა კონკრეტული მექანიზმებით აპირებს ბრალდებულთა სათანადო ქცევის უზრუნველყოფას", - განაცხადა მოსამართლემ.

სასამართლოსთან მისული იყო გია გაჩეჩილაძეც და ვატო შაქარშვილიც. გაჩეჩილაძემ თქვა, რომ "ქვეყანაში კანონი არის ტელევიზა" და "იმას გახდიან კანონს, რაც ტელევიზიებს უნდათ".

"ისეთი ადამიანები ხდებიან პოლიტპატიმრები, რომლის მოღვაწეობაც მთელმა საქართველომ იცის და ისეთი ადამიანები რჩებიან ციხეში, რომლის კეთილშობილობაც მთელმა ქალაქმა იცის", - თქვა გაჩეჩილაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების გაგების შემდეგ.

როგორც ჟურნალისტი ჰყვებოდა, მას თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა ჰქონდა.

პოლიციამ 3 პირი დააკავა. შსს-ს თანახმად, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამ, აშშ-ის საელჩომ. ჟურნალისტმა მასზე თავდასხმა თავისსავე ჟურნალისტურ საქმიანობას დაუკავშირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG