Accessibility links

site logo site logo

ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი


საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, მეორე მოსმენით დაამტკიცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთა თანახმად, წვრილმანი ხულიგნობის გამეორება და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენი პირის მიერ ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე, ან 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

დღეს მოქმედი კოდექსის ეს მუხლი მხოლოდ ერთი ნაწილისგან შედგება და ითვალისწინებს 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლსაც. კანონპროექტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 3000 ლარამდე თანხით, ან 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. ასეთი ქმედების განმეორებით ჩამდენს დაეკისრება 3500-დან 4500 ლარამდე ჯარიმა, ან 7-დან 15 დღემდე ვადით დააპატიმრებენ.

კოდექსის მოქმედი რედაქციით, ეს მუხლი ითვალისწინებს 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

კანონის გამკაცრებას მისი ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების მიუხედავად, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევები მზარდია.

ორი მუხლი, რომელსაც ცვლილებები შეეხება, ხშირად გვხვდება საპროტესტო აქციების მონაწილეების დაკავების შემთხვევაში მათთვის წარდგენილ ბრალში და არასამთავრობო სექტორი საუბრობს იმაზე, რომ საკანონმდებლო ინიციაციატივა საპროტესტო მოძრაობების და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ადმინისტრაციული კოდექსი ამ ცვლილებების შემდეგ უფრო რეპრესიული გახდება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო თვლის, რომ პოლიციის დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამ მუხლების ნორმატიულ შინაარსს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე.

პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პირველ მოსმენას ოპოზიციიდან მხოლოდ "მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები" ესწრებოდნენ, მეორე მოსმენაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მივიდა "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG