Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახი კავსაძის გმირის ლამაზი სიკვდილი


“ცხელი ზაფხულის სამი დღე” (1981, რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, მთავარ როლებში კახი კავსაძე და ნინელი ჭანკვეტაძე)

1981 წელს თბილისში ხმა გავრცელდა, მერაბ კოკოჩაშვილმა ახალგაზრდა ქართველ დისიდენტზე, თამარ ჩხეიძეზე, ფილმი გადაიღოო. მდგომარეობას ის ართულებდა, რომ კინოსტუდია “ქართულ ფილმს” იმხანად სწორედ თამარ ჩხეიძის მამა, რეზო ჩხეიძე, ხელმძღვანელობდა. შევარდნაძის “ლიბერალურ ხელისუფლებას” უთუოდ უხერხულობას შეუქმნიდა ეს ფილმი არქეოლოგზე, სულხანზე, რომელიც კომუნისტურ ბიუროკრატიასთან ბრძოლაში იღუპება და მის სტუდენტზე, უკომპრომისო თამრიკოზე, რომელიც თავის მხრივ აუცილებლად აღძრავდა შესაბამის ასოციაციებს.

საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა უაღრესად ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო, შეიძლება ითქვას, უნიკალური გადაწყვეტილება მსოფლიო კინოცენზურის ისტორიაში: “ცხელი ზაფხულის 3 დღიდან” არც ერთი კადრი არ ამოუღიათ. უბრალოდ, ხელისუფლების შეკვეთით სასწრაფოდ გადაიღეს ქართველი საბჭოთა არქეოლოგების მიღწევათა ამსახველი დოკუმენტური ფილმი, რომელიც კოკოჩაშვილის სურათის წინ, ე. წ. “ჟურნალის” სახით გაუშვეს, “ცხელი ზაფხულის 3 დღეს” კი წინ ტიტრი დაუმატეს: “ფილმის მოქმედება 1972 წლამდე ხდება”… ეს იმის აღსანიშნავად, რომ ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც საქართველოს კომპარტიის ცეკას 1972 წელს ჩაუდგა სათავეში, არაფერი აქვს საერთო ფილმში მოთხრობილ ისტორიასთან.

ასეა თუ ისე, დღეს “ცხელის ზაფხულის 3 დღე” ფილმ-წინასწარმეტყველებად შეიძლება ჩაითვალოს: ცოტა ხანში ნინელი ჭანკვეტაძის პერსონაჟი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი სახე გახდება; საბჭოთა ინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი “კრემლის აგენტად” გამოცხადდება; “პერესტროიკის” ეპოქაში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ქართველი დეპუტატები “დუმილის ბიჭებად” მოინათლებიან (მხოლოდ იმიტომ, რომ რადიკალიზმზე უარს იტყვიან)… თავის მხრივ, ეს ინტელიგენცია ეროვნული მოძრაობის ლიდერთა უმრავლესობას (ყველაზე ნაკლებად თამარ ჩხეიძეს და ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრებს) ექსტრემიზმში დაადანაშაულებს; მერე იქნება “წითელი ინტელიგენციის” ბუნტი და “თბილისის ომი”… თუმცა არა, კოკოჩაშვილის ფილმის გმირისთვის, სულხანისთვის, აქ ადგილი არ იქნება. სულხანი უკვე მკვდარია. მისი სიკვდილი თავისებური მსხვერპლშეწირვაა. იმ “წითელი ინტელიგენციისგან” განსხვავებით, სულხანი ადგილს უთმობს “თამრიკოებს”. ახლა მათი დრო მოვიდა!

მერაბ კოკოჩაშვილმა კახი კავსაძე მაშინ გადაიღო, როცა მსახიობმა საუკეთესო როლები ითამაშა რუსთაველის თეატრის სცენაზე, ხოლო კინოში განსახიერებულ სახეებში სცენაზე დამკვიდრებულ სტილზე უარი არ უთქვამს. მახსოვს, 1979 წელს მოსკოვის საავადმყოფოში ვიწექი. დერეფანში ტელევიზორი ჩართული იყო და რომელიღაც მოკლემეტრაჟიან კომედიას უჩვენებდნენ კახის მონაწილეობით. რუსებს მოსწონდათ ქართველი შერეკილი, ეცინებოდათ მის პლასტიკაზე, მის ექსცენტრიკაზე. ასეთი კახი იყო პოპულარული საქართველოშიც და საქართველოს საზღვრებს გარეთაც.

ფილმში “ცხელი ზაფხულის 3 დღე” თეატრის მსახიობი კახი კავსაძე სრულიად თავისუფლდება სცენური ტექნიკისგან და თამაშობს კამერისთვის, ე.ი. კინომაყურებლისთვის. რაც მთავარია, იმ კლიშეებს ანგრევს, რომლებიც დააგროვეს მის მიერვე შექმნილმა კინოსახეებმა. კახი კავსაძის სულხანი აღარაა შერეკილი, რომელიც პეპლებს დასდევს ეკრანზე. აქ ექსცენტრიკა მინიმალურია - სულხანი განათლებით და გამოცდილებით დამძიმებული მეცნიერია, თუმცა მსახიობი არც ირონიას აკლებს პერსონაჟს, წესიერ ქართველ საბჭოთა ინტელიგენტს, რომლის უმოქმედობა სიდინჯით და რაციონალიზმით კი იხსნება, მაგრამ არც კონფორმიზმისგანაა თავისუფალი. ფილმის ახალგაზრდა გმირ თამრიკოსთან შედარებით, იგი ნამდვილად კონფორმისტია, თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსის გათვალისწინებით: სულხანი, ფაქტობრივად, აღიარებს ამას თავის სინდისთან, ამიტომაც ვერ შორდება თამრიკოს, რომელმაც ისიც და მთელი უფროსი თაობაც, მთელი ეს “წესიერი ქართველი ინტელიგენტები” შემგუებლობაში ამხილა. თამრიკო, ნინელი ჭანკვეტაძის შესრულებით, შეიძლება ითქვას, სულხანის გაღვიძებული სინდისია.

ფილმში არის ერთი სცენა, რომელშიც განსაკუთრებით კარგად ჩანს, როგორი მასშტაბის მსახიობი იყო კახი კავსაძე. შეუძლებელია დაივიწყო კომუნისტური ხელისუფლების ჩინოვნიკთან მისი გმირის შეხვედრა, რის შემდეგაც თამრიკოს გახარებული ეუბნება: “დილას ერეკლეს ჩვენთვის თვალი არ აურიდებია”... ხოლო თამრიკოს გაღიზიანებულ სახეს რომ დაინახავს, გაკვირვებული განაგრძობს: “რა, ეს არ არის მნიშვნელოვანი?”.

“როგორ არა, - ირონიით, დაცინვით ეტყვის თამრიკო, - ამაზე მნიშვნელოვანი, აბა, რა უნდა იყოს? რა დროს გათხრებია, რა დროს ნასახლარებში ჩიჩქნა, რა დროს სირბილია უფლების მოსაპოვებლად, რომ ეს ჩიჩქნა გავაგრძელოთ... თქვენთვის ხომ ადამიანური ურთიერთობაა ყველაზე მთავარი?.. ყველა ეგეთები ხართ... მთელი თაობა”.

რა მაგარი დიალოგია. ხვდებით? თითქოს დღეს ხდება ფილმის მოქმედება. არც არაფერი შეცვლილა მას შემდეგ. მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ბევრი გვყავს მსახიობი, რომელიც ასე ითამაშებდა ამ სცენას, კახი კავსაძესავით - ღრმად ნაღვლიანი მზერით და რაღაცნაირი, შენიღბული აღფრთოვანებით თამრიკოს გამო, იმ ახალგაზრდების გამო, რომლებსაც ადგილი უნდა დაუთმოს. უნდა მოკვდეს. ლამაზად უნდა მოკვდეს და “გაუშვას” ისინი, ვისაც მნიშვნელოვანი სულ სხვა რამე ჰგონია.

ასეთი იყო კახი კავსაძე სულხანის როლში და ასეთი იყო ცხოვრებაშიც. ჩვენ საცურაო აუზზე ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. გასახდელში იდგა და ხალხს ართობდა, უყვებოდა სასაცილო ისტორიებს თავისი განუმეორებელი პლასტიკით. მაგრამ თუკი გააწყვეტინებდი და თემას შეუცვლიდი, რამეს, სერიოზულს, ჰკითხავდი ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ხალხსა და იმ სოციალურ ჯგუფზე, რომელსაც თავად მიეკუთვნებოდა (ისევე როგორც მისი გმირი, სულხანი), ზუსტად ისეთი სევდიანი უხდებოდა სახე, როგორიც “ცხელი ზაფხულის 3 დღეში”.

“აი, ახლა კი ნაღდად ჩავიჭერი...” - ამბობს სულხანი სიკვდილის წინ, როცა ხვდება, რომ მისი გული ამდენს უკვე ვეღარ იტევს. აქაც ხუმრობს.

მგონია, რომ ასე, ხუმრობა-ხუმრობით დაგვტოვა კახი კავსაძემაც. მგონია, რომ მას ყოველთვის ახსოვდა “ცხელი ზაფხულის 3 დღის” მთავარი ფრაზა, ერთგვარი ბიძგი რომ გახდა ჩემი და არა მარტო ჩემი თაობისთვის: “ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს!”

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG