Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაცვლიშვილი: ვისურვებდი, პრეზიდენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ცვლილებებზე ვეტო გამოიყენოს


ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

„ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ისურვებდა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტმა მისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება, ვეტოს უფლება გამოიყენოს.

„რამდენიმე საათიც არ დასჭირდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ძალიან მკაფიო და ზუსტი განცხადება გაეკეთებინა მიღებულ, რეპრესიულ კანონთან დაკავშირებით - კანონპროექტია ფორმალურად ჯერ, მაგრამ მისი მიზანი არის პროტესტის აღკვეთა, მისი მიზანი არ არის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა“, - უთხრა ჟურნალისტებს ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებით ხელისუფლებამ სერიოზული თვითდაზიანება მიიყენა:

„ხელისუფლებამ გუშინ ამ კანონპროექტის დაჩქარებულად, ფორსირებულად - მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენის, კომენდანტის საათის დროს ჩატარების პირობებში, ძალიან სერიოზული თვითდაზიანება მიიყენა და ამის მტკიცებულება არის პირველი, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი შეფასება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

თავის მხრივ, პრეზიდენტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენი პირის მიერ ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე, ან 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

მოქმედი კოდექსით, ეს მუხლი მხოლოდ ერთი ნაწილისგან შედგება და ითვალისწინებს 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

ცვლილებები შეეხო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლსაც. ცვლილების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 3000 ლარამდე თანხით, ან 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. ასეთი ქმედების განმეორებით ჩამდენს დაეკისრება 3500-დან 4500 ლარამდე ჯარიმა, ან 7-დან 15 დღემდე ვადით დააპატიმრებენ.

კოდექსის მოქმედი რედაქციით, ეს მუხლი ითვალისწინებს 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

კანონის გამკაცრებას მისი ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების მიუხედავად, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევები მზარდია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, კრიტიკულად აფასებს ასევე აშშ-ის საელჩო საქართველოში. ცვლილებების მიღებას აშშ-ის საელჩო საქართველოში სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:

„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით“, - აცხადებს საელჩო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG