Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტის გარშემო შეთანხმება შედგა


ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო ინციდენტის გარშემო მოლაპარაკება. 2021 წლის 1 მაისი
ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო ინციდენტის გარშემო მოლაპარაკება. 2021 წლის 1 მაისი

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო არეალიდან ჯარების გაყვანის შეთანხმება შედგა ორ ქვეყანას შორის ბოლო სამ ათწლეულში ყველაზე სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ. ინციდენტს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ყირგიზეთი იტყობინება, რომ კონფლიქტის ზონიდან უსაფრთხო არეალებში გადაიყვანეს ყირგიზეთის 33 ათასამდე მოქალაქე, მათ შორის, 19 ათასი ბავშვი. ამის თაობაზე განაცხადა ამ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ელიზა სოლთონბეკოვამ.

მისი თქმით, ყირგიზეთის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 34-ს უდრის. დაშავებულია 180 ადამიანი.

რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობით, ათეულობით სოფელში დარჩა დამწვარი სახლები.

ტაჯიკეთის მხარეს დაღუპულთა რაოდენობა, რუსეთის სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, რვიდან ათამდეა, დუშანბედან ოფიციალური ცნობები არ მოიპოვება.

2 მაისის ღამეს ახალი ინციდენტები არ მომხდარა. ყირგიზეთში 1 და 2 მაისი გლოვის დღეებია.

შეიარაღებული კონფლიქტი ორ ქვეყნის საზღვრისპირა არეალში დაიწყო 28 აპრილს წყლის გასანაწილებელი ცენტრის მახლობლად მდებარე სოფლების მცხოვრებთა შორის. მოგვიანებით დაპირისპირებაში ჩაერთნენ სასაზღვრო ძალები. მხარეები კონფლიქტის დაწყებაში ბრალს ერთმანეთს სდებენ.

1 მაისს გამართული შეხვედრის დროს ორივე ქვეყნის უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ ჯარების გაყვანის და ზავის გარშემო. განცხადება გაკეთდა მას მერე, რაც ორი ქვეყნის დელეგაციები ერთმანეთს შეხვდნენ ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჟაპაროვის და მისი ტაჯიკი კოლეგის, იმომალდი რაჰმონის სატელეფონო საუბრის შემდეგ.

2 მაისს გავრცელდა ცნობა ყირგიზეთის მთავრობის პრესამსახურზე დაყრდნობით, რომ ორი ქვეყნის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის შესახებ.

XS
SM
MD
LG