Accessibility links

site logo site logo

ნონა გაფრინდაშვილი: „თუ რამე იყო მოსაგები, ყველაფერი მოგებული მაქვს“


„რაც მე მოვიგე, იმის დათვლა, უბრალოდ, შეუძლებელია“, - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლის გახდა

„ჩემი ძმები და მეზობლები რასაც თამაშობდნენ, მეც ვთამაშობდი, ამიტომ ყველაფერი ერთდროულად დავიწყე: ჭადრაკი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ბილიარდი... ჩემი ძმები მორიგეობით ხდებოდნენ ხოლმე ზუგდიდის ჩემპიონები ჭადრაკში, სახლშიც აწყობდნენ ტურნირებს. მე ყველას ვერ ვუგებდი“, - იხსენებს ნონა გაფრინდაშვილი რადიო თავისუფლებასთან.

80 წლის წინ ჭადრაკის წრეები მხოლოდ დიდ ქალაქებში იყო. ნიჭიერ ძმებში ჩაკარგული ზუგდიდელი გოგონა შეიძლება ვერც ვერასოდეს შეემჩნიათ, ერთი ფორმალობა რომ არა - ტურნირისთვის სამეგრელოს გუნდს აკომპლექტებდნენ და გოგო დასჭირდათ. გაგონილი ჰქონდათ, გაფრინდაშვილების ოჯახში გოგო თამაშობსო. როგორ და რანაირად თამაშობდა, არ იცოდნენ, მაგრამ სხვაც არავინ ჰყავდათ და მშობლებს მიადგნენ. ბათუმში ნონას თამაშს მწვრთნელმა ვახტანგ ქარსელაძემ მიაქცია ყურადღება. ისევ მივიდნენ მშობლებთან და ამჯერად ნონას თბილისში გადაყვანა სთხოვეს - ორიოდე დღით არა, სამუდამოდ.

„ძმები მყავდა სულ, გოგო მეტი არ იყო ოჯახში. გაუჭირდათ, მაგრამ დიდი ფიქრის შემდეგ გამომიშვეს. გამიმართლა, რომ ჩემი მკვიდრი დეიდა მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობდა“, - ჰყვება ნონა გაფრინდაშვილი. ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად ყველაფერი ერთადაა საჭირო: ნიჭი, შრომისმოყვარეობა, სპორტული ხასიათი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიძლიერე. ერთ-ერთი კომპონენტი თუ ამოვარდა, მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდები. - კარგი მოჭადრაკე ვერ იქნები, საშუალო, კი ბატონო“.

1954 წელს, როდესაც თბილისში გადმოვიდა, ცამეტის იყო. რამდენიმე წელიწადში იმდენად ცნობილი გახდა, რომ ხალხის კორდონის გასარღვევად მილიციის დახმარება სჭირდებოდა.

მაშინ საქართველოს ჩემპიონი ვიყავი. ნახევარფინალი მოვიგე საბჭოთა კავშირის და ისეთი ინტერესი გაჩნდა ჭადრაკის მიმართ, რომ ოფიცერთა სახლი და რუსთაველის თეატრი, სადაც ტურნირები ტარდებოდა, გადაჭედილი იყო. პატარა ვიყავი და ხანდახან მილიციის დახმარება მჭირდებოდა, რომ გარეთ გამომეღწია“.

მიკვირს, საიდან მომდიოდა ის იდეები

1962 წლის 17 ოქტომბერს ნონა გაფრინდაშვილმა ელიზავეტა ბიკოვასთან ითამაშა და 21 წლის გოგო მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მოგვიანებით ამ ტიტულს მაია ჩიბურდანიძე გადაიბარებს.

„თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქართველი ქალები დომინირებდნენ ჭადრაკში, მაშინ როცა ინდოეთი ჭადრაკის სამშობლოა, ამხელა ქვეყანაა და ოლიმპიური ჩემპიონი არ ჰყავს. საქართველომ ძალიან დიდი როლი ითამაშა მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში. ქართული დელეგაციის ასეთი წარმატება საზღვარგარეთ ბევრნაირ რეაქციას იწვევდა. ზოგს უკვირდა, ზოგი აღფრთოვანებული იყო... შური და მტრობა არ მახსოვს. მე არ შევსწრებივარ, თუმცა მეტოქეობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო“, - ამბობს მოჭადრაკე ნინო გურიელი, ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი გიორგი გიორგაძე კი მაშინდელ ხუმრობას იხსენებს: ასე ამბობდნენ, ქალთა მსოფლიო ჭადრაკი უკვე ერთი უბნის - ვაკის - გადასაწყვეტიაო. ყველა იქ ცხოვრობდა“.

ნონა გაფრინდაშვილი: „თუ რამე იყო მოსაგები, ყველაფერი მოგებული მაქვს“

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები; მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული - 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები;

პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - 1983 წელი;

ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო 'ოქროს პაიკის' მფლობელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები;

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.

20 წლის წინ, როდესაც 60 წლის გახდა, წიგნი გამოსცეს, სადაც მისი პარტიებიდან რჩეული 206 პარტია იყო შესული. ყაიმით მხოლოდ ერთი მთავრდებოდა, თუმცა 1984 წელს სწორედ ეს პარტია აღიარეს საუკეთესოდ.

ისეთი დაძაბული თამაში იყო, ბოლოს დაფაზე ლამის მხოლოდ მეფეები დარჩა“, - იხსენებს ნონა გაფრინდაშვილი. „დღეს რომ ვათვალიერებ იმ პარტიებს, მიკვირს, საიდან მომდიოდა ის იდეები“.

ნონა ძალიან სპორტული იყო. დღემდე ფანატიკურად უყვარს ფეხბურთი, „ბარსელონას“ გულშემატკივრობს. ტურნირების წინ ფორმაში ჩასადგომად ბილიარდს და პინგ-პონგს თამაშობდა ხოლმე, სხვა ვარჯიში არც დასჭირვებია.

ახლა რაღას ვითამაშებ და მაშინ გაუთავებლად ვთამაშობდი. მე სიარული არ მიყვარდა, ნახევარ საათში ვიღლებოდი. სამაგიეროდ, მთელი დღე შემეძლო მეთამაშა ბილიარდი და პინგ-პონგი. საერთოდ ვერ ვგრძნობდი დაღლას“.

ნონა გაფრინდაშვილი მეუღლესთან ერთად
ნონა გაფრინდაშვილი მეუღლესთან ერთად

ნონას მეუღლე ლერი ჭიჭინაძე წლების წინ გარდაიცვალა. ჰყავს შვილი დავითი და ორი შვილიშვილი. ჭადრაკის ტურნირებზე დღემდე თამაშობს.

რაც მე მოვიგე, იმის დათვლა, უბრალოდ, შეუძლებელია. აგერ 80 წლის გავხდი და დღემდე ვთამაშობ ვეტერანების ტურნირებში. თუმცა პანდემიის გამო წელს ვერ წავედი. თამაში დადებით ემოციებს მაძლევს, ჩემი ცხოვრებაა. იქ ვისვენებ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ იქაც პირველობისთვის ვიბრძვი“, - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.

კარგად დაცდილი ნონა

გულწრფელი, გულღია და ერთგული ადამიანია“, - ამბობს ნინო გურიელი ნონა გაფრინდაშვილზე და მალაიზიაში გამართულ ტურნირს იხსენებს. -მე და ნონა მეტოქეები ვიყავით, ხან მასთან ვთამაშობდი, ხან სხვებთან. დილით პარტიაზე რომ მივდიოდი, ნონას დავუკაკუნე კარზე, მან რაღაც მიპასუხა. მე ვუთხარი, ქვევით დაგელოდები-მეთქი და ასე ერთად წავედით. იმ დღეს მოვიგე, ანუ კარგად დავცადე ნონა. ამის შემდეგ ერთი თვე ასე გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე იყო, მაინც ერთი თვე ელოდა ყოველ დილით ჩემს დაკაკუნებას. მერე ის რაღაცას მიპასუხებდა და მერე ტურნირზე მივდიოდით, არც ერთი პარტია არ წამიგია“.

წელსვე 60 წელი შეუსრულდა მაია ჩიბურდანიძეს, ამის გამო ჭადრაკის ფედერაციამ 2021 წელი ჩემპიონების წელიწადად გამოაცხადა. ფედერაცია აპირებს, სექტემბერში საქართველოში ნონას და მაიას სახელობის ორი საერთაშორისო ტურნირი გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG