Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიზეზები, რის გამოც მამაკაცი ქალზე ადრე კვდება საქართველოში


ქალი მამაკაცზე დიდხანს ცოცხლობს. ეს ტენდენცია მსოფლიოს ყველა ქვეყანას ახასიათებს, თუმცა დემოგრაფები ამბობენ, რომ საქართველოში, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, სხვაობა გაცილებით თვალშისაცემია.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში ქალი საშუალოდ 78.4 წელს ცოცხლობს, მამაკაცი კი - 69.8 წელს, ანუ განსხვავება თთქმის 9 წელია, განვითარებულ ქვეყნებში კი სხვაობა 4-5 წელს არ აღემატება.

დემოგრაფები ამბობენ, რომ მამაკაცის სიცოცხლისუნარიანობაზე სოციალურ-ეკონომიკური პროცესები გაცილებით მეტად მოქმედებს, ვიდრე ქალზე. მამაკაცები უფრო დაუდევრად იყენებენ ალკოჰოლს და ქალებზე მეტს ეწევიან. ამასთან, მამაკაცის ცხოვრება უფრო ხშირად უკავშირდება რისკს - მაგალითად, კაცები უფრო ხშირად მიდიან ომში ან ქალებზე ხშირად მართავენ ავტომობილს.

ნორმალურ ქვეყანაში ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ, ზოგადად, ძალიან დაბერებული ქვეყანა ვართ. მოსახლეობის 15 %-ზე მეტი 75 წელს გადაცილებულია. დაბერებულთა რაოდენობაში ქალები მამაკაცებს სჭარბობენ, განსაკუთრებით 70-75 წლის ზემოთ. 
ავთანდილ სულაბერიძე

ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, მათ შორის საქართველოში ბიჭი უფრო მეტი იბადება, ვიდრე გოგო. 30 წლამდე ასაკში მამაკაცების რიცხვი ქალების რაოდენობას აღემატება, თუმცა შემდეგ, ანუ 30 წელს ზემოთ ასაკში, ქალები სჭარბობენ კაცებს, მათი მეტი სიკვდილიანობის გამო.

დემოგრაფი მზია შელია ამბობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი პირდაპირ ასახავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს.

ამ მაჩვენებელს რომ ჩახედავ, მაშინვე მიხვდები, რა ქვეყანასთან გაქვს საქმე“, - ამბობს ის. მამაკაცების მაღალი სიკვდილიანობის მიზეზად განვითარებად ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში ის სწორედ სიდუხჭირეს ასახელებს:

უმუშევრობა, სტრესი, არასტაბილურობა... ეს, რა თქმა უნდა, ქალზეც აისახება, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში მამაკაცს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ამ ყველაფრის გამო იზრდება ქვრივობის მაჩვენებელი, შრომის ბაზარს კი ახალგაზრდა ადამიანი აკლდება“.

90-იანი წლებიდან მოყოლებული დემოგრაფები ამჩნევენ, რომ სულ უფრო მეტი მამაკაცი იღუპება 40-45 წლის ასაკში. მაგალითისთვის, 2020 წელს საქართველოში 40-49 წლის ასაკის 436 ქალი და 1 440 მამაკაცი გარდაიცვალა. ესეც მსოფლიო ტენდენციაა და მხოლოდ საქართველოს არ ახასიათებს.

ინფარქტი და, ზოგადად, გულს-სისხლძარღვთა დაავადებები ამ პერიოდში ძალიან ხშირია. სტრესი, არაჯანსაღი ცხოვრების წესი იწვევს სიკვდილიანობას.

როგორ ზრუნავს ხალხი საკუთარ ჯანმრთელობაზე, ამის კომპლექსური კვლევა საქართველოში არ ჩატარებული, თუმცა ჩატარდა კონკრეტულად ახალგაზრდებში და გამოიკვეთა, რომ თავის მოვლის უნარ-ჩვევები მათ ნაკლებად აქვთ. თუ ახალგაზრდებში ასეა, უფროსებში რაღა იქნება?“, - ამბობს მზია შელია.

გარდაცვალების მიზეზებზე როცა ვსაუბრობთ, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი სისხლის მიმოქცევის დაავადებებით კვდება. 2019 წელს მათი რიცხვი 21 448 იყო. ამავე წლის მონაცემებით, მას მოსდევს სიმსივნე - 7 873, ტრავმები და მოწამვლები - 6 177, სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 3 303, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები - 1 517, საიდანაც 931 შემთხვევა მამაკაცებზე მოდის.

მამაკაცისა და ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის 8-9-წლიან განსხვავებას ანომალიურად მიიჩნევს დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე.

ნორმალურ ქვეყანაში ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ, ზოგადად, ძალიან დაბერებული ქვეყანა ვართ. მოსახლეობის 15 %-ზე მეტი 75 წელს გადაცილებულია. დაბერებულთა რაოდენობაში ქალები მამაკაცებს ჭარბობენ, განსაკუთრებით 70-75 წლის ზემოთ“.

იმისათვის, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თუნდაც ერთი წლით გაიზარდოს, სახელმწიფოში უამრავი სოციალური და ეკონომიკური რეფორმა უნდა გატარდეს.

იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა შედეგამდე მივყავართ ქალისა და მამაკაცის სიცოცხლეს შორის ასეთ სხვაობას, საქართველოში კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზივის მიმართულების ხელმძღვანელი ლელა აქიაშვილი ამ თემაზე მხოლოდ რეგიონებში მუშაობისას მიღებულ გამოცდილებასა და საკუთარ დაკვირვებებზე დაყრდნობით ლაპარაკობს.

ზოგადად, ქალებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი კაპიტალზე, ნაკლებად არიან აქტიურები, ნაკლებად აქვთ ქონებრივი უფლებები. აქ იგულისხმება, ასევე, აუნაზღაურებელი შრომა, რომლის დიდი წილი სწორედ ქალებზე მოდის, და მიწის ფლობასთან დაკავშირებული პრობლემები“.

ლელა აქიაშვილი ამბობს, რომ ხანდაზმულობაში ადამიანის წინაშე კიდევ უფრო მძაფრად იჩენს თავს იმ პრობლემების შედეგები, რომლებიც მას ჯერ კიდევ ახალგაზრდას და შრომისუნარიანს ჰქონდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG