Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შვიდეული“ ერთობას ესწრაფვის მსოფლიო წესრიგის დასაცავად


"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ლონდონში.
"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ლონდონში.

დიდი ბრიტანეთი დღეს, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე, რომელიც ლონდონში იმართება, შეეცდება, პარტნიორებს გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ უბიძგოს ისეთი გლობალური საფრთხეებისგან მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების დასაცავად, როგორსაც წარმოადგენენ ჩინეთი და რუსეთი.

„‘დიდ შვიდეულში’ დიდი ბრიტანეთის თავმჯდომარეობა იმის შესაძლებლობაა, რომ ღია, დემოკრატიულ საზოგადოებებს თავი მოვუყაროთ და ერთიანობა გამოვავლინოთ მაშინ, როცა ეს ძალზე საჭიროა საერთო გამოწვევებისა და მზარდი საფრთხეების პირობებში“, თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.

რააბი უძღვება „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებებს დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების მიმართ საფრთხეებზე. გუშინ დაწყებული ორდღიანი შეხვედრის მიზანია, შეამზადოს „დიდი შვიდეულის“ ივნისის სამიტი.

დიდი ბრიტანეთისთვის ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, მეტი მხარდაჭერა მოუპოვოს წესებზე დამყარებულ საერთაშორისო სისტემას იმ პერიოდში, როცა, მისი თქმით, ჩინეთის ეკონომიკური გავლენა და რუსეთის მავნებელი ქმედებები ძირგამომთხრელ საფრთხეს უქმნიან ამ სისტემას.

შეხვედრის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ „ავტორიტარული სახელმწიფოები“ მთელ მსოფლიოში „ცდილობენ ერთმანეთს დაგვაპირისპირონ“ და რომ ჩვეულებრივ რამედ იქცა საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

„მნიშვნელოვანია, რომ მათ გაერთიანებულად და სარწმუნოდ დავუპირისპიროთ დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, ადამიანის უფლებებისა და წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის ჩვენეული ღირებულებები“, თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG