Accessibility links

site logo site logo

შსს ივერი მელაშვილსა და "მთავრი არხის" ჟურნალისტებზე თავდასხმას ძალადობის მუხლით იძიებს


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ძალადობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ. დაზიანებულია ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა. როგორც ადგილზე მყოფი "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია ჰყვება, სამონასტრო კომპლექსში ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის მოსამზადებლად ჩავიდა.

"იქ მარტოები ვიყავით, არ იყვნენ სასულიერო პირები, არც მრევლი იყო, მხოლოდ ტურისტები იყვნენ. როდესაც ჩაწერა მიმდინარეობდა, ივერი მელაშვილთან მივიდა სასულიერო პირი და უთხრა, რომ იყო მოღალატე და არ ჰქონდა დავითგარეჯში ჩასვლის უფლება... მასთან ერთად იყო სამოქალაქო პირი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, მან ოპერატორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სცადა... [შემდეგ] რამდენიმე სასულიერო პირი მოვიდა და სიტუაცია დაიძაბა ისე, რომ ჩემს ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერა დააზიანეს", - იხსენებს ჟურნალისტი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. მას პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ტექნიკის მაღაზიაში მიაყენეს შეურაცხყოფა.

მაშინ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

"პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პროპაგანდით მორალურ სასამართლოს უწყობს უდანაშაულო ადამიანებს და ხალხს უბიძგებს მათზე ძალადობრივი იერიშისკენ", - ამბობდა მაშინ მშვენიერაძე.

"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილი მეორე ბრალდებულ ნატალია ილიჩოვასთან ერთად წინასწარი პატიმრობიდან სასამართლო დარბაზიდან 28 იანვარს გათავისუფლდა. სახელმწიფო ბრალდების მხარე მას მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ქვეყნისთვის საზიანოდ ტერიტორიების შეთანხმებას ედავება აზერბაიჯანის სასარგებლოდ. არც ივერი მელაშვილი და არც ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG