Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარტია შსს-ს მოუწოდებს დროულად გამოიძიოს „მთავარი არხის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტი


დავითგარეჯში „მთავარი არხის“ თანამშრომლებზე ძალადობას გმობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ფაქტი სათანადოდ იყოს გამოძიებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით.

ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ. დაზიანებულია ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა. როგორც ადგილზე მყოფი "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია ჰყვება, სამონასტრო კომპლექსში ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის მოსამზადებლად ჩავიდა.

"იქ მარტოები ვიყავით, არ იყვნენ სასულიერო პირები, არც მრევლი იყო, მხოლოდ ტურისტები იყვნენ. როდესაც ჩაწერა მიმდინარეობდა, ივერი მელაშვილთან მივიდა სასულიერო პირი და უთხრა, რომ იყო მოღალატე და არ ჰქონდა დავითგარეჯში ჩასვლის უფლება... მასთან ერთად იყო სამოქალაქო პირი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, მან ოპერატორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სცადა... [შემდეგ] რამდენიმე სასულიერო პირი მოვიდა და სიტუაცია დაიძაბა ისე, რომ ჩემს ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერა დააზიანეს", - იხსენებს ჟურნალისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG