საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯანმრთელობის პრობლემით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ტატამს დაუბრუნდა და პირველსავე შეჯიბრებაზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის და მსოფლიოს ქართველმა ჩემპიონმა, რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან სლემზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ხუთივე მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. ნახევარფინალსა და ფინალში ჩხვიმიანმა რუსეთის ნაკრების წევრებს რამაზან აბდულაევსა და რობერტ მშვიდობაძეს აჯობა.
დღესვე, ყაზანის გრან სლემზე, მამაკაცთა შორის, 66 კილოგრამშიც გათამაშდა მედლები. საქართველოს სახელით ბაგრატ ნინიაშვილმა იჭიდავა და ნახევარფინალამდე მივიდა. შემდეგ კი ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა. ქალთა 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტატიანა ლევიცკა-შუკვანი კი ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა.
შეჯიბრება 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და კიმონოს კიდევ შვიდი ქართველი მოირგებს. 6 მაისს იჭიდავებენ ნუგზარ ტატალაშვილი, ლუკა კაპანაძე (ორივე 73 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ). 7 მაისს - ლუკა მაისურაძე, იმედა გოგოლაძე (ორივე 90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).