Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვით უკმაყოფილო სომხეთი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით სომხეთს ესტუმრა, სადაც 6 მაისს, მასპინძელი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს მთიანი ყარაბაღის შესახებ არსებული შეთანხმებების შესრულებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გამახვილდება ყურადღება.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ლავროვის ვიზიტის წინ უკმაყოფილო მოქალაქეთა ჯგუფი შეიკრიბა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ, რათა თავის პროტესტი გამოეხატა რუსეთის მისამართით, რომელსაც სომხეთში სულ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს პასუხისმგებლად მთიანი ყარაბაღის გარშემო შარშანდელი 44 დღიანი ომის გაჩაღებასა და სომხეთისათვის კატასტროფული შედეგით დასრულებაში.

ლავროვით უკმაყოფილო სომხეთი
please wait

No media source currently available

0:00 0:07:08 0:00
გადმოწერა

„ცხადია, რომ რუსეთის მინისტრის ვიზიტისადმი , სომხეთის საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური სეგმენტის დამოკიდებულება ძალიან ერთმნიშვნელოვანია. პირველ ყოვლისა, ლავროვის სახელთან არის დაკავშირებული მთიანი ყარაბაღის მოწესრიგების ის ე.წ. გეგმა, რომელიც წარმოადგენდა რუსეთ-თურქეთის გარიგებას სომხეთის ინტერესების ხარჯზე“, - უთხრა სომეხმა ანალიტიკოსმა რუბენ მეჰრაბიანმა რადიო თავისუფლებას.

ლაპარაკია თავის დროზე მოსკოვის შუამავლობით შემუშავებულ მთიანი ყარაბაღის მოწესრიგების სამშვიდობო გეგმაზე, რომლის გამოც 2016 წლის აპრილში სომხეთში ჩასულ საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე საპროტესტო აქციით შეხვდნენ სომხეთის გაბრაზებული მოქალაქეები.

ვითარება გამყოფ ხაზზე და არა მხოლოდ

სომხეთში აცხადებენ, რომ თუ არა ლავროვის მიერ შემუშავებული მაშინდელი გეგმა, არ მოხდებოდა არც 2016 წლის ოთხდღიანი და არც 2020 წლის შემოდგომის 44 დღიანი ომი მთიან ყარაბაღში, რომელიც სომხეთის კონტროლის ქვეშ არსებული ვრცელი ტერიტორიის დაკარგვითა და დიდი მსხვერპლით დასრულდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

ამავე განცხადებაში ასახული მოკონფლიქტე მხარეთა შეთანხმებით მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

„ომის გამო მსგავსი შედეგი რომ არ დამდგარიყო რუსი მშვიდობისდამცვეელი იქ არ იდგებოდნენ. მეორე მხრივ რუსეთის სამშვიდობო ძალები იქ იმყოფებიან სამმხრივი განცხადების საფუძველზე. ვიმეორებ ეს შეთანხმებაც კი არ არის და არამედ მხოლოდ განცხადებაა. ხოლო რუს მშვიდობისდამცველებს, რომლებიც მთიან ყარაბაღში იმყოფებიან, საერთაშორისო მანდატიც კი არ გააჩნიათ. და ეს არის ფაქტები, რომლებიც მიუთითებს, რომ საშუალო სტატისტიკური პერსპექტივით შეუძლებელია ვითარება ყარაბაღში სტაბილურად მივიჩნიოთ,“- ამბობს რუბენ მეჰრაბიანი.

ყარაბაღის გამოყოფ ხაზის გარდა ვითარება დაძაბულია აზერბაიჯანისა და ირანის მოსაზღვრე სომხეთის სიუნიკის ოლქში, სადაც, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ცოტა ხნის წინ რუსეთის 102-ე (გიუმრის) ბაზის პიადი შემადგენლობის ძალებით ორი საყრდენი პუნქტის აგება გახდა საჭირო.

ფაშინიანის თქმით, სომხეთის საზღვრის დაცვა ხორციელდება სომხეთ-რუსეთის ერთობლივი დაჯგუფების ძალისხმევითა და ძალებით. „ეს არის არა მხოლოდ სიუნიკის ოლქის, არამედ სომხეთის უსაფრთხოების დამატებითი გარანტია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა 3 მაისს.

სიუნიკში საყრდენი პუნქტების შექმნის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა 14 აპრილის პარლამენტის სხდომაზეც ილაპარაკა. ფაშინიანის თანახმად, სომხეთ-რუეთის სამხედრო კავშირი სომხეთის საგარეო უსაფრთხოების საკვანძო ელემენტი გახდება.

რუსეთის მისამართით ნათქვამი ნიკოლ ფაშინიანის ეს სიტყვები ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა სომხეთში, სადაც დღემდე კამათის საგანს წარმოადგენს გიუმრის ტერიტორიაზე რუსეთის 102-ე ბაზის არსებობა. 1995-დან 2015 წლამდე პერიოდში გიუმრის 11 მცხოვრები დაიღუპა რუსეთის სამხედროების მონაწილეობით მომხდარ ინცინდენტებში.

ყველაზე დიდი რეზონანსი ჰქონდა 2015 წლის 12 იანვრის ღამით ავეტისიანების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას. რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზიდან გაქცეულმა დეზერტირმა ჯარისკაცმა, ვალერი პერმიაკოვმა, ავტომატით მოკლა ოჯახის 6 წევრი, მათ შორის, 2 წლის გოგონა.

რთული პერიოდი

2020 წლის შემოდგომის საომარი მოქმედების და 9-10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შემდეგ, რასაც სომხეთში ბევრი უწოდებს „კაპიტულანტურ შეთანხმებას“, - ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დადგა რთული პერიოდი. ერთი მხრივ სომხეთი კიდევ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული რუსეთის სამხედრო დახმარებაზე, მეორე მხრივ კი ხდება კრიტიკული გააზრება იმისა, თუ რატომ არ ჩაერია რუსეთი და რატომ არ დაიჭირა შეიარაღებული კონფლიქტის დასაწყისშივე სტრატეგიული პარტნიორის მხარე?

„პროცესის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ, ერთი, მხრივ, ამ ომის შედეგად რუსეთის ყოფნა მართლაც გახდა უფრო დიდი, ხოლო რუსეთის ნეოიმპერიული ამბიციებისადმი სომხეთის წინააღმდეგობა საგრძნობლად შემცირდა. ამასთანავე, სომხეთის პოლიტიკურ კლასში უკვე დაიწყეს პირდაპირ კითხვები დასმა, რასაც მანამდე მხოლოდ ადამიანების მცირე ჯგუფები აკეთებდნენ. მათ შორის ამას პირდაპირ აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრიც, როდესაც ამ პრობლემაზე ლაპარაკობს... მართალია რუსეთი ჩვენი პარტნიორია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნები, რომლებიც ჩვენს მიმართ მტრულად არიან განწყობილნი, კერძოდ თურქეთი და აზერბაიჯანი, რუსეთის მიერ არ განიხილება მტრულ ქვეყნებად. მეტიც, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა რუსეთისათვის ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე სომხეთთან ურთიერთობა. ანუ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აშკარად იკვეთება კონტურები იმისა, რომ რუსეთისა და სომხეთის ინტერესები ეს უკვე სრულიად განსხვავებული ინტერესია და კითხვები დღეისათვის სწორედ ამ კონტექსტში ისმება“, - ამბობს რუბენ მეჰრაბიანი.

მაგრამ ამ შეკითხვების გარდა, სომხეთის მოსახლეობამ ორ თვეში პასუხი უნდა გასცეს ქვეყნის პოლიტიკური მომავლისათვის უმნიშვნელოვანეს კითხვას - თუ რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემს ქვეყნის მართვის მანდატს 20 ივნისისთვის დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე?

44 დღიანი ომში მარცხით გამოწვეული მწვავე პოლიტიკური კრიზისის მეექვსე თვის თავზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა, რითიც ოფიციალურად გაუხსნა გზა საპარლამენტო არჩევნებს, რომლითაც უნდა განიმუხტოს შარშან აზერბაიჯანთან ომის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი.

ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ფაშინიანი მარტში დათანხმდა ვადამდელი არჩევნების ივნისში ჩატარებას.

გამოკითხვები მოწმობს, რომ ბოლო პერიოდში ფაშინიანის მთავრობისადმი მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად იკლო - მისი რეიტინგი 60 პროცენტიდან დაახლოებით 30 პროცენტამდე შემცირდა.

„საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე სუბიექტურად მგონია, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ძალა მაინც გაიმარჯვებს და შეიცვლება ძალთა განლაგება პარლამენტში. ეს, რა თქმა უნდა არ უზრუნველყოფს მთლიანობაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, მაგრამ წარმოადგენს პირველ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგმულს კრიზისიდან გამოსვლის მიმართულებით. და შემდეგ კი მოგვიწევს ძალიან რთული სამუშაოს შესრულება. ეს არის მომხდარის ახლებურად გააზრება და პრაქტიკული დასკვნების გაკეთება. მინდა აღვნიშნო, რომ გვინდა ეს თუ არა, ეს ყოველივე ხდება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც აშშ-ი, წინა ადმინისტრაციისგან სრულიად განსცხავებული პრიორიტეტები აქვს. კერძოდ ეს არის ის, რომ ავტორიტული რეჟიმები ცხადდება საფრთხედ აშშ-ის ეროვნული უშიშროებისათვის. და მთელი თავის ნაკლოვანების მიუხედავად ამ მხრივ სომხეთი, როგორც უპირობოდ დემოკრატიული ქვეყანა ამ თავისუფალი სამყაროს შემადგენელი ნაწილია და არა მისი მოწინააღმდეგების - შემადგენელი ნაწილი. აი რა არის მთავარი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რუბენ მეჰრაბიანი.

ამასობაში კი სომხეთში პოლიტიკური პროცესი თავისი შიდა ლოგიკით ვითარდება.

3 მაისს სომხეთის პარლამენტმა უარყო მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა მთავრობის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე, როგორც პირველი ნაბიჯი იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მომავალ თვეში ვადამდელ არჩევნებს უნდა დაედოს საფუძვლად.

თუ ფაშინიანი პარლამენტარების მხარდაჭერას მეორე კენჭისყრაზეც, 10 მაისსაც ვერ მოიპოვებს - როგორც მოსალოდნელია - პარლამენტს დაითხოვენ და პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ვადამდელ არჩევნებს ივნისში დანიშნავს.

მანამდე ნიკოლ ფაშინანმა განაცხადა, რომ ფორმალური პროცედურის დაცვის მიზნით, ორჯერ იყრის კენჭს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის პოსტზე და იმედი აქვს, რომ შეთანხმებას არც სხვა საპარლამენტო ფრაქციები დარღვევენ. ანუ არ დაასახელებენ პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავიანთ კანდიდატებს.

სომხეთის ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ პირობა დადო, რომ ასეთი რამ არ მოხდება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG