Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის მოსაძებნად გუმათჰესების კასკადსა და რიონჰესის საგუბარებს დაცლიან


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებისთვის 7 მაისის 8 საათიდან, 9 მაისის 18 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ახორციელებს სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს. მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

30 წლამდე კაცი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ადიდებულ მდინარე რიონში, 10 აპრილს გადახტა.

„რიონის ხეობის მცველმა“ მარიტა მუსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალგაზრდა კაცი ხეობის მცველებს ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, მეგობართან ერთად შეუერთდა. მდინარეში ის მოულოდნელად გადახტა მას შემდეგ, რაც ნაპირზე მასთან ერთად მდგომ კიდევ ერთ მამაკაცს ტელეფონი გადასცა და სთხოვა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცა.

„რამდენიმე ადამიანი შევიდა წყალში და ეხვეწებოდნენ გამოდიო. პოლიციაც ხედავდა და ამდენი ხალხი ეუბნებოდა აქეთ გამოცურეო. ის მაინც მიცურავდა და წყალმა წაიღო“, - უთხრა მარიტა მუსელიანმა რადიო თავისუფლებას.

აქტივისტები მოძრაობისა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 193-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. პროტესტი სოფელ გუმათში გაშლილ კარვებში გრძელდება. აქტივისტები მასშტაბური აქციის გამართვას 23 მაისს აპირებენ თბილისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG