Accessibility links

site logo site logo

ადვოკატის თქმით, ნამოხვანის პროტესტის მონაწილემ, რომელიც რიონში გადახტა, წერილი დატოვა


გიორგი ჭაჭუა, ადვოკატი

ადვოკატი გიორგი ჭაჭუა ასაჯაროვებს წერილს, რომელიც მისივე მტკიცებით, ნამოხვანის პროტესტის მონაწილემ, ნიკა ანთიძემ დატოვა, მდინარე რიონში გადახტომამდე.

„მთავრობას სირცხვილი. გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს“, - წერია ფეისბუკ მესენჯერის შეტყობინებაში, რომელიც ადვოკატის თქმით, ანთიძემ არააქტიურ გვერდს გაუგზავნა.

ადვოკატის მტკიცებით, შეტყობინება 10 აპრილსაა გაგზავნილი 19:27 საათზე და ის დროში ზუსტად ემთხვევა რიონის ხეობაში მომხდარ ინციდენტს.

მისივე თქმით, წერილი ოჯახმა აღმოაჩინა ანთიძის კუთვნილ კომპიუტერში და მისი ავთენტურობა ჯერ დადგენილი არაა.

ადვოკატის ინფორმაციით, 27 წლის ნიკა ანთიძე ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის აქტიური მონაწილე იყო. რიონის ხეობაში კი ის ინციდენტამდე ორი დღით ადრე ჩავიდა.

„მან და მისმა მეგობრებმა რიონის ხეობაში შეღწევა და პოლიციის საგუშაგოს გასვლა მოახერხეს იმ მოტივით, რომ თითქოს მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდნენ ლეჩხუმში და აქციის შესახებ არაფერი იცოდნენ. მართლაც გაფრთხილებული ჰყავდათ ლეჩხუმში მცხოვრები პირი - თუ პოლიცია გადაამოწმებდა, იგივე პასუხი გაეცა“, - ამბობს ჭაჭუა და ამატებს, რომ ის ნიკას ერთადერთმა მშობელმა, მამამ დაიქირავა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

ადვოკატის მტკიცებით, ნიკა ანთიძე ინციდენტის დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იყო.

„შევისწავლეთ შემთხვევის ადგილი, აქციის მონაწილეების, ორგანიზატორების და კარვებში მყოფ პირთა ცხოვრების წესი და ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ კარვების ტერიტორიაზე არამც თუ ალკოჰოლი, თამბაქოს მოხმარებაც კი აკრძალულია“, - ამბობს ის.

ჭაჭუას ცნობით, ოჯახი კმაყოფილია სამძებრო სამუშაოებით და სთხოვს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, აქტიურად განაგრძონ გაუჩინარებულის ძებნა.

ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებისთვის, 7 მაისის 8 საათიდან, 9 მაისის 18 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა.

ახალგაზრდა კაცი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ადიდებულ მდინარე რიონში, 10 აპრილს გადახტა.

„რიონის ხეობის მცველმა“ მარიტა მუსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალგაზრდა კაცი პროტესტს ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, მეგობართან ერთად შეუერთდა. მდინარეში ის მოულოდნელად გადახტა მას შემდეგ, რაც ნაპირზე მასთან ერთად მდგომ კიდევ ერთ მამაკაცს ტელეფონი გადასცა და სთხოვა, რომ მისი მეგობრისთვის გადაეცა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები თვეებია, უწყვეტად აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG