Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა უფლებების დამცველები სოლიდარობას უცხადებს სამოდელო სფეროში დასაქმებულებს


„ქალთა მოძრაობა“ და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ეხმიანებიან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ქართველი მოდელების გაუსაძლისი შრომითი პირობების შესახებ და ამ სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს სოლიდარობას უცხადებენ. საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება შრომითი უფლებების სისტემური დარღვევა და უგულებელყოფა და გამონაკლისი არც მოდის ინდუსტრიაა:

„მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო სფეროში საქმიანობა სტანდარტული შრომითი საქმიანობაა, რაც გულისხმობს დასაქმებულთა აღნიშნულ კატეგორიაზე შრომის კანონმდებლობის სრულად გავრცელებას, ფაქტია, რომ საქართველოში მოდელები ვერ სარგებლობენ ბაზისური შრომითი უფლებებითაც კი: მათ ძირითად ნაწილს არ აქვს შრომითი ხელშეკრულებები და მუშაობენ არანორმირებული სამუშაო გრაფიკით არაადეკვატური ანაზღაურების სანაცვლოდ, რიგ შემთხვევებში კი - ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში მათ თავიანთი საქმიანობის შესრულება უწევთ ჯერ კიდევ მშენებარე ქარხნის ტერიტორიაზე ღირსებისშემლახველ და არასათანადო გარემოში, არ არიან უზრუნველყოფილი საკვებით, ჰიგიენის დაცვისთვის აუცილებელი პირობებით, ასევე არა აქვთ შესაბამისი სატრანსპორტო უზრუნველყოფა კომენდანტის დროს, რაც დამატებით ქმნის რისკებს უსაფრთხო შრომის გარემოსთან მიმართებით. საგულისხმოა, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილი ქალია, რის გამოც აუცილებელია შრომის პროცესში მათი საჭიროებების გათვალისწინება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, შექმნილ სიტუაციას ართულებს სფეროს სპეციფიკა, როდესაც გაუმიჯნავი და დაურეგულირებელია სამოდელო სააგენტოების, დიზაინერებისა და ჩვენებების ორგანიზატორების ვალდებულებები და პასუხისმგებლობები.

„მიგვაჩნია, რომ მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ მიდგომას. აუცილებელია, აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად შესწავლა და სფეროში შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე მკაცრი ზედამხედველობა“, - წერენ ქალთა უფლებების დამცველები და სახალხო დამცველს, შრომის ინსპექციის სამსახურსა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. განცხადებას ხელს 17 ორგანიზაცია და პარლამენტის წევრები ანა ნაცვლიშვილი და ხათუნა სამნიძე აწერენ.

XS
SM
MD
LG