Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თქვენი ტელეფონი გისმენთ. მაგრამ ეს ის არაა, რაც თქვენ გგონიათ


ის უსიამოვნო განცდა გქონიათ, როცა საუბარში რაიმე ნივთს ახსენებ და შემდეგ ინტერნეტში მისი რეკლამა გხვდება? თუ კი, მაშინ მარტო არ ხართ.

წლებია, ასეთი შეთქმულების თეორია არსებობს: ფეისბუკი, გუგლი, ამაზონი, ეფლი, მაიკროსოფტი და სხვა კორპორაციები უსმენენ ჩვენს ყოველდღიურ საუბრებს იმისთვის, რომ გაიგონ, რა გვინდა და შემდეგ შესაბამისი რეკლამა შემოგვთავაზონ.

თუმცა მტკიცებულებები ჯერ ვერავინ მოიპოვა. კორპორაციები კი ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მომხმარებლებს უსმენენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას თავად თანხმდებიან. (ანუ მათი აპლიკაციის გამოყენების დროს)

რა ვიცით დანამდვილებით?

თეორიულად, თქვენი მოსმენა ნებისმიერ აპლიკაციას შეუძლია, რომელსაც ტელეფონის მიკროფონზე აქვს წვდომა.

ჩემს ტელეფონში მიკროფონზე წვდომა 25 აპლიკაციას აქვს
ჩემს ტელეფონში მიკროფონზე წვდომა 25 აპლიკაციას აქვს

ადამიანის საუბრის შინაარსის გარჩევა შეუძლიათ ასევე ჭკვიან საათებს, ჭკვიან ტელევიზორებს, სახლის ხმოვან ასისტენტებს. თუმცა ჯერ-ჯერობით, ჭკვიან გაჯეტებს ქართული ენა არ ესმით.

მართალია, არსებობს ქართული ხმოვანი ასისტენტის პროტოტიპი - Pulsar AI, მაგრამ რა ეტაპზეა მასზე მუშაობა და როგორ აპირებენ მომხმარებლების პირადი მონაცემების შეგროვებას, ვერ გავარკვიე. კომპანია Pulsar-ს ფეისბუკზე მივწერე, რომ მათ ასისტენტზე მეტის გაგება გვსურდა. ელექტრონული ფოსტის მისამართი მომცეს, თუმცა წერილს აღარ უპასუხეს.

2019 წლისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ხუთი მსხვილი კორპორაცია (ფეისბუკი, გუგლი, ამაზონი, ეფლი და მაიკროსოფტი) სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით ნამდვილად უსმენდა მათი მომხმარებლების საუბრის ჩანაწერებს.

მაგალითად, ფეისბუკი “სერვისის გასაუმჯობესებლად” მესენჯერში გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებს უსმენდა, მაიკროსოფტი კი სკაიპში ციფრული სინქრონული თარჯიმნის ჩანაწერებს.

მაგრამ უსმენენ თუ არა კორპორაციები მომხმარებლების ყოველდღიურ, არასატელეფონო საუბრებს?

გამოცემა Vice-ს ავტორს სემ ნიკოლზს მიაჩნია, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. რამდენიმე დღის განმავლობაში მან საკუთარ ტელეფონს გამოცდა მოუწყო - ხშირად ახსენებდა პერანგებს და იმას, რომ უნივერსიტეტში უნდოდა ჩაბარება. ცოტა ხანში ფეისბუკმა შესაბამისი რეკლამები ამოუგდო. ნიკოლზის ექსპერიმენტის გავლენით, რამდენიმე დღე ჩემს ტელეფონს მეც “ვარწმუნებდი”, ახალი ტელეფონის ყიდვა მინდა-თქო, მაგრამ არც ერთი რეკლამა არ შემხვედრია.

Vice-თან საუბარში, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ფირმა Asterix-ის კონსულტანტმა პიტერ ჰენვეიმ ახსნა, რომ თეორიულად, არ არის გამორიცხული ფეისბუკი და ინსტაგრამი ათასობით ხმოვან თრიგერზე რეაგირებდნენ. მათ გასააქტიურებლად, მაგალითად, ისიც შეიძლება იყოს საკმარისი, რომ მეგობართან საუბარში ახსენოთ, ახალი ჯინსების ყიდვას ვაპირებო.

“არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ ვერ გააკეთებენ ამას. მარკეტინგული თვალსაზრისით, ეს ჭკვიანურია, მათი სამომხმარებლო შეთანხმებები და კანონი ამის შესაძლებლობას აძლევთ. ამიტომაც, ვივარაუდებდი, რომ ამას აკეთებენ, თუმცა დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით” - უთხრა პიტერ ჰენვეიმ Vice-ს.

რა ხდება ხმოვანი ასისტენტების შემთხვევაში? ეფლის Siri, ამაზონის Alexa და გუგლის ასისტენტი ნამდვილად არჩევენ, თუ რას ამბობს მოხმარებელი და პასუხსაც სცემენ. საამისოდ მათ გამოსაღვიძებელი სიტყვა უნდა გაიგონონ. (მაგალითად "Hi, Siri") მაგრამ ტექნოლოგია ჯერ იდეალური არ არის და ჩვენი ხმოვანი ასისტენტიც ხანდახან შემთხვევით იღვიძებს მაშინ, როდესაც ამას არ ველოდებით.

2019 წლის ივლისში გამოცემა გარდიანმა დაწერა, რომ კომპანია ეფლის მიერ დაქირავებულმა ადამიანმა მიმართა. მისი თქმით, სხვებთან ერთად, ყოველდღიურად უსმენდა Siri-ს მიერ მოპოვებულ ათასობით აუდიოჩანაწერს. ოღონდ არა რეკლამისთვის, არამედ ხელოვნური ინტელექტის რეაქციის გაუმჯობესების მიზნით.

პრობლემა იმაშია, რომ ეს ხდებოდა მომხმარებლების თანხმობის გარეშე. ჩანაწერები კი ხშირად შეიცავდა პირად ინფორმაციას. ამასთანავე, ხანდახან, სურვილის შემთხვევაში, არც ის იყო რთული დასადგენი, თუ ვის ეკუთვნოდა ხმა.

“უამრავი შემთხვევა იყო, როდესაც ჩანაწერებში ისმოდა პირადი საუბრები ექიმებსა და პაციენტებს შორის, ბიზნეს-შეთანხმებები, კრიმინალური საქმიანობები, სექსუალური კავშირები და ასე შემდეგ. ამ ჩანაწერებს ახლდა მომხარებელთა მონაცემები, რომელიც აჩვენებდა ლოკაციას, საკონტაქტო დეტალებსა და აპლიკაციის სხვა მონაცემებს”, - განაცხადა მან.

ეფლმა განმარტა, რომ მათ მიერ დაქირავებული ადამიანები უსმენენ Siri-ს მიერ გაკეთებული ჩანაწერების 1%-ზე ნაკლებს და მიზნად მხოლოდ მომსახურების გაუმჯობესებას ისახავენ. დაახლოებით ერთ თვეში კომპანიამ განაცხადა, რომ ამიერიდან მომხარებლები შეძლებენ, თავად აირჩიონ, სურთ თუ არა, რომ მათი ხმის ჩანაწერების გამოყენება მოხდეს.

მოხმარებლების აუდიჩანაწერებს რომ უსმენდნენ, აღიარეს გუგლმაც და ამაზონმაც.

მითის მსხვრევა

მაგრამ იყენებენ თუ არა ჩვენი საუბრის ჩანაწერებს ჩვენთვის რეკლამის “დასამიზნებლად?”

ამის შესამოწმებლად მკვლევრებმა სხვადასხვა დროს რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს. შედეგები შეთქმულების თეორიებს აბათილებს - მათ ვერ დაადგინეს ხმის ჩაწერისა და მონაცემეთა გადაცემის უტყუარი ფაქტები.

მაგალითად, BBC-ის ცნობით, 2019 წელს ციფრული უსაფრთხოების კომპანია Wendera-მ მომხმარებლების ეჭვები საგულდაგულოდ შეამოწმა. ორი ტელეფონი მოათავსეს ოთახში, სადაც კატისა და ძაღლის საკვების რეკლამა ხმამაღლა იყო ჩართული. ტელეფონში გააქტიურებული იყო ფეისბუკი, ინსტაგრამი, ქრომი, სნეპჩატი, იუტუბი და ამაზონი.

3 დღის შემდეგ მათ შეამოწმეს, თუ ამოუგდებდა რომელიმე პლატფორმა ცხოველების საკვების რეკლამას. არ ამოუგდო.

პარალელურად, ორი ტელეფონი ხმაგაუმტარ ოთახში მოთავსდა. როგორც აღმოჩნდა, ორივე ოთახში ტელეფონები ერთნაირი სიმძლავრით მუშაობდნენ და ბატარეასა და ინტერნეტს ერთნაირად მოიხმარდნენ. და მართალია, პირველ ოთახში ტელეფონებიდან რაღაც მონაცემების გადაცემა მოხდა, თუმცა სპეციალისტების აზრით, ეს ოდენობა მეტისმეტად მცირეა.

“ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთ აპლიკაციას არ ჩაუწერია და არ აუტვირთავს ხმები სერვერზე - უთხრა BBC-ს Wandera-ს სისტემურმა ინჟინერმა ჯეიმს მეკმა - ასე რომ ყოფილიყო, ტელეფონი ისევე დაიტვირთებოდა, როგორც ეს ხმოვანი ასისტენტების გამოყენებისას ხდება”.

მაშ საიდან ასეთი სიზუსტე?

2017 წელს, The Wired-ში გამოქვეყნებულ სვეტში, ავტორი ანტონიო გარსია მარტინეზი (რომელიც ადრე ფეისბუკის გუნდის წევრი იყო) წერდა, რომ კორპორაციებს თქვენი მოსმენა არც სჭირდებათ, რადგან მხოლოდ ის კი არ იციან, რა გინდათ, არამედ დიდი ალბათობით ისიც, თუ რა შეიძლება მოგინდეთ.

მარტინეზი Vice-ში გამოქვეყნებულ სტატიასაც პასუხობდა. მისი თქმით, ე.წ. აუდიო- ქივორდების, სპეციფიკური სიტყვების, გამოყენება მეტისმეტად დატვირთავდა ტელეფონს და ამჟამინდელი ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობას უბრალოდ არ იძლევა.

თავი დავანებოთ იმას, რა იცის ფეისბუკმა თქვენს შესახებ. მან ისიც იცის, რა აინტერესებთ თქვენი ასაკის, თქვენი შემოსავლის მქონე, თქვენს უბანში მცხოვრებ ადამიანებს. იცის, რა მოსწონს და არ მოსწონს თქვენს ფეისბუკმეგობრებს. ტექნოლოგია Facebook pixel-ის წყალობით კი იმას არკვევს, რას ყიდულობენ ისინი და როგორ იქცევიან სხვა საიტებზე.

ჯერ კიდევ 2016 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეისბუკის მომხმარებლები სულ ცოტა 52 ათას კატეგორიად ჰყავდა დაყვანილი, რასაც რეკლამის უფრო ეფექტურად “დასამიზნებლად” იყენებდა.

იმისგან დამოუკიდებლად, ისმენენ თუ არა კორპორაციები მომხმარებლების ტელეფონებს, არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ და რა მიზნებისთვის იყენებენ ისინი ინტერნეტში მომხმარებლების მიერ დატოვებულ ციფრულ კვალს.

სწორედ ამიტომ, ციფრული უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სპეციალისტები და უფლებადამცველები გვაფრთხილებენ - თითქმის ყველაფერი, რასაც ინტერნეტში გააკეთებთ, შეიძლება გამოიყენონ, თუ თქვენს წინააღმდეგ არა, ყოველ შემთხვევაში იმისთვის მაინც, რომ რაც შეიძლება მეტი ფული დახარჯოთ.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG