Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ოლიმპიადაზე განახევრებული შემადგენლობით გამოვლენ


საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ივლის-აგვისტოში, ტოკიოში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე განახევრებული შემადგენლობით გამოვა. გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ექვსი წონითი კატეგორიიდან მხოლოდ სამში შეძლო ლიცენზიის მოპოვება. ოლიმპიური განაცხადის შევსების ბოლო შანსი სოფიაში მიმდინარე სალიცენზიო ტურნირი იყო. საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებნენ ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (65 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ). მიზნის მისაღწევად, მათ მინიმუმ ვერცხლის მედალი სჭირდებოდათ, მაგრამ ფინალში გასვლა ვერც ერთმა ვერ შეძლო.

წინასწარი გეგმით, სოფიის ტურნირზე 57 და 65 კილოგრამ წონით კატეგორიებში, არა გოგავას და ლომთაძეს, არამედ ბექა ბუჯიაშვილს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს უნდა ეჭიდავათ, მაგრამ განაცხადს მიღმა კორონავირუსის გამო დარჩნენ. ამავე მიზეზით ვერ შეძლეს მწვრთნელებმა ხინჩეგაშვილის ზურაბ იაკობიშვილით ჩანაცვლება.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ: ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ).

8 მაისს, ბულგარეთში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაშიც გათამაშდება ოლიმპიადის ბოლო ლიცენზიები. საქართველოს ნაკრებს ექვსი წონიდან ორში დარჩა ტოკიოს საგზური მოსაპოვებელი. 60 კილოგრამში დავით ჩხარტიშვილი გავა ხალიჩაზე, 77 კილოგრამში - ბაკურ გოგოლი.

XS
SM
MD
LG