Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოროტება, რომელსაც დრო არა აქვს


“ღმერთების დაღუპვა” (1969, La caduta degli dei რეჟისორი ლუკინო ვისკონტი. იტალია)

8-9 მაისის მოახლოებასთან ერთად, ყოველ წელს, იმ დროიდან, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, იწყება ხოლმე დისკუსია თემაზე “როდის უნდა აღვნიშნოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე”. ამასობაში მოვიდა ახალი თაობა, რომლის ნაწილს, ჩემი დაკვირვებით, ახალი აიფონის პრეზენტაციის დღე უფრო აინტერესებს, ვიდრე “ისტორიული უსამართლობის დადგენა”. კაცმა რომ იკითხოს, მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს - ევროპასთან თუ რუსეთთან? უფრო სწორად, რა შეიცვლება ფაშიზმზე (ნაციზმზე?) გამარჯვების დღის აღნიშვნით, თუკი ფაშიზმი, როგორც იდეოლოგია, ისევ იქნება ჩვენი ყოფის ნაწილი? ცხადია, ყოველთვის იარსებებენ ოპტიმისტები, რომლებიც დაგვარწმუნებენ, რომ ფაშიზმის ჩანაცვლება, მაგალითად, აღარ მოხდება ეკონომიკაში, თუკი “ნეოლიბერალურ წესრიგს” დავუპირისპირდებით... რომ ფაშიზმი, როგორც იდეოლოგია, ხარობს და ძლიერდება მხოლოდ იქ, სადაც სიღარიბეა. გაუმარჯოს ოპტიმისტებს! მაგრამ როგორც ლუკინო ვისკონტი ამბობდა, “გრამშიანელები გონების პესიმიზმსა და ნების ოპტიმიზმს შორის ვიმყოფებით”, არის რაღაცები, რასაც ყოფიერება ვერ ცვლის, არის რაღაცები, რასაც დრო არა აქვს, ანდა რაც დროისა და უდროობის ზღვარზე იმყოფება.

რიხარდ ვაგნერთან (კომპოზიტორის მსუბუქ, მაგრამ გენიალურ კარიკატურას ქმნის ლუკინო ვისკონტი გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე გადაღებულ “ლუდვიგში”) “ღმერთების დაღუპვა” კატასტროფის იმ ეტაპს გამოხატავს, როცა ბნელი ძალები, ერთმანეთთან ბრძოლით, საკუთარი იარაღითვე ანადგურებენ ბნელეთს, რომელშიც მმართველობენ, როცა მთავრდება ადრეისტორიული ხანა, როცა “ღმერთების დაისს” ცვლის ახალი ისტორია.

1934 წელს, რაიხსტაგის დაწვიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მიუნხენთან ახლოს ნაცისტებმა ამოჟლიტეს თავიანთი მოკავშირის, ჰიტლერის ძმადნაფიცის, რემის, მოიერიშეთა რაზმი. ამ რაზმის წევრებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ ახალი გერმანია (“ახალი რომი”) მათ აბსოლუტურ თავისუფლებას მოუტანდა. ახალმა გერმანიამ მართლაც შექმნა “ბოროტისა და კეთილის მიღმა” ცხოვრების ილუზია. “რემელები” ხომ გაღატაკებული ბურჟუებისა და უმუშევრების ფენიდან მოვიდნენ. აქამდე მონებად გრძნობდნენ თავს, ახლა კი ამ მონობის შედეგად სულიერად დამახინჯებულთ საშუალება მიეცათ სააშკარაოზე გამოეტანათ თავიანთი სადისტური თუ მაზოხისტური ვნებები.

სისხლიან ღამეს, როცა რემის შვილობილთა სექსუალური ორგია მათი ამოჟლეტით იცვლება, “გრძელი დანების ღამე” ჰქვია. ესაა ლუკინო ვისკონტის ფილმის ცენტრალური სცენა: ვეტერანები, თავიანთი საყვარლებით, სოფლის სასტუმროს ნომრებს იკავებენ. მაგრამ სასტუმროში მოულოდნელად შემოიჭრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ხოცავენ რემელებს. ამ ოპერაციაში მონაწილეობს ლუკინო ვისკონტის ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ფრიდრიკ ბრუკმანი. ამით მას საშუალება ეძლევა შური იძიოს და მოიცილოს კიდევ ერთი მოწინააღმდეგე ძალაუფლების კიბეზე ასასვლელად - რემის რაზმელთა მოკავშირე კონსტანტინე ფონ ესენბეკი.

ლუკინო ვისკონტი ისტორიას ყოველთვის კულტურის ნაწილად განიხილავდა. უფრო სწორად, ისტორიას “კითხულობდა” კულტურის ხედვის კუთხიდან. “ღმერთების დაღუპვაში” ისტორია არ არსებობს თავისთავად, როგორც ფაქტების ერთობლიობა. ისტორია და “გრძელი დანების ღამე”, როგორც ისტორიის ნაწილი, წარმოდგენილია, როგორც დიდი რომანი, რომელიც, თავის მხრივ, არამარტო ვაგნერის ოპერებს გაგახსენებთ. “ღმერთების დაღუპვაში”ცოცხლდება მთელი ევროპული კულტურა - გოეთე, თომას მანი, ნიცშე, დოსტოევსკი, ფროიდი... და, რაღა თქმა უნდა, შექსპირი (ნაწილობრივ, “მაკბეტი” და, ნაწილობრივ, “ჰამლეტი”), რომელიც ლუკინო ვისკონტიმ ანდერძში მოიხსენია - “ჩემს საფლავს მხოლოდ ერთი წინადადება დაურთეთ: მას უყვარდა შექსპირი, ჩეხოვი, ვერდი”.

“ღმერთების დაღუპვის” პროლოგში ბარონ იოახიმ ფონ ესენბეკის ოჯახი გვარის უფროსის დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადება. მოქმედების დრო და ადგილი კონკრეტულადაა მითითებული: გერმანია, 1933 წლის 27 თებერვალი. პარალელურად კი, წვიმიან გზატკეცილზე ჩნდება ავტომობილი, რომელსაც სწორედ ამ დღესასწაულზე მიჰყავს ორნი - ნაცისტების ფორმაში გამოწყობილი აშენბახი, ესენბეკების ნათესავი, და ფრიდრიხ ბრუკმანი. იგი უკმაყოფილოა, რომ კარგი ტექნიკური სპეციალისტი მხოლოდ ჩინოვნიკის როლს ასრულებს ფოლადის უზარმაზარ კომპანიაში, რომელსაც ესენბეკები ფლობენ. მოგვიანებით ვიგებთ, რომ ბრუკმანი ესენბეკების ქვრივის, მათი ერთადერთი პირდაპირი მემკვიდრის დედის, სოფიას, საყვარელია. აშენბახი ამშვიდებს ბრუკმანს: გერმანიაში დგება დრო, როცა “ძლიერთ” საშუალება ექნებათ დაიმკვიდრონ თავიანთი კუთვნილი ადგილიო. “გრძელი დანების ღამე” ამ ეპოქის დასაწყისია. ფრიდრიხ ბრუკმანი, სოფიასთან ერთად, შურს იძიებს ყველაზე, ვინც თავის სოციალურ წრეში არ მიიღო. მაგრამ შურისძიების ამ შექსპირისეულ დრამას ემატება ახალი პერსონაჟი, სოფიას ვაჟი, მარტინი. დგება ჟამი ტაბუს ახსნისა, დგება ხანა შურისძიებისა იმის მიმართ, ვინც ამუხრუჭებდა ამ ახალგაზრდა კაცში თავისუფლებას. ახლა აბსოლუტური განთავისუფლების ილუზიისთვის საჭირო ხდება მთავარი ჯალათის, საკუთარი დედის, მოსპობაც.

ვნებათა ლაბირინთების, ავადმყოფური გრძნობებისა და პერვერსიული ურთიერთობების გამოხატვა ლუკინო ვისკონტის ყოველთვის აინტერესებდა. თუმცა აქ, “ღმერთების დაღუპვაში”, უფრო ადრე, ვიდრე პიერ-პაოლო პაზოლინი გააკეთებს ამას ფილმში “სალო, სოდომის 100 დღე”, ვისკონტი გააძლიერებს ძალაუფლების ვნების, როგორც სექსუალური აღვირახსნილობის, კვლევას. აქამდე ვნება ვისკონტის ფილმებში არასდროს სცდებოდა ადამიანური სისუსტის ფარგლებს. “ღმერთების დაღუპვაში” ვნება, როგორც დაწყევლა, როგორც ტვირთი, უკვე ბოროტისა და კეთილის მიღმა მცხოვრები “ზეადამიანის” ხვედრი ხდება. მაგრამ რეჟისორი არ ხედავს ტრაგედიის მიზეზს ერთ, კონკრეტულ ადამიანში. “ღმერთების დაღუპვაში” ადამიანები შემზარავ დანაშაულებს სჩადიან, მაგრამ ავტორი მხოლოდ მათ არასდროს აბრალებს ამ დანაშაულს. მარტინის დანაშაულის ძირითადი პირობა დედის ტირანიაა, დედის გაბოროტების მიზეზი - ძალაუფლება ესენბეკების ოჯახისა, რომლის წევრები განუწყვეტლივ ამცირებდნენ და დასცინოდნენ სოფიას. ისინი ფლობდნენ უშველებელ ქონებას. მათ შეძლეს ნაცისტებთან გარიგება. ასე გადაირჩინეს თავი და გააგრძელეს ცხოვრება სისხლიანი ვნებების ლაბირინთში.

“ღმერთების დაღუპვაში” ყველაფერი გადაჯაჭვულია და ყველაფერი კანონზომიერი. აქ ყველაფერს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს. ადამიანი ამ კანონზომიერებას მხოლოდ “ასრულებს”, იგი იმ როლს თამაშობს, რომელსაც ისტორია აკუთვნებს. შესაბამისად, ფაშიზმი ვისკონტისთან გაგებულია არა ზოგადად ისტორიის, კერძოდ, მეოცე საუკუნის ისტორიის ნაწილი, არა როგორც ფაქტების ერთობლიობა, მოქცეული დაბადებასა და შემდეგ დამარცხებას (8 ან 9 მაისს) შორის, არამედ მუდმივად განახლებადი ბოროტება, რომელიც არ უკავშირდება მხოლოდ გერმანიისა თუ ევროპის ისტორიას. ესენბეკების ოჯახი, ეს სოფია და ეს მარტინი “ჩვენში” არიან... ყოველი ჩვენგანი ატარებს ამ სიმძიმეს. ამიტომაც მოქმედებს ასე ვისკონტის ფილმი. ამიტომაც შეიძლება “ღმერთების დაღუპვა” ანტიკურ ტრაგედიებს შევადაროთ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG