Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძის თქმით, აცრის შემდეგ "დიდი დალევა არაა მიზანშეწონილი. 1 ჭიქის დალევა შეიძლება"


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის სიტყვებით, ექიმები ვაქცინაციისას ხელმძღვანელობენ არსებული „გაიდლაინით“, მაგრამ ექიმს ასევე შეუძლია გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს თავისი ინტერპრეტაციის ჩარჩოში.

ამირან გამყრელიძემ ასე უპასუხა მედიისთვის გამართულ ვებინარზე დასმულ შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა სამედიცინო პერსონალის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. კითხვის ავტორის თანახმად, არ არსებობს ერთიანი განსაზღვრებები, მაგალითად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით. ამაზე ამირან გამყრელიძემ ასე უპასუხა:

„ეს არის საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი... როდის დავლევ? - ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ, ის, რაც ქართველებს გვიყვარს, დიდი დალევა, არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი. მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება, ვეუბნები, ძალიან გთხოვ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, მაგრამ 1 ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ, როცა გნებავთ, არა აქვს მნიშვნელობა. ზომიერების ფარგლებში, ისევე როგორც ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლი წამალია, ხშირად. თუ მას მივიღებთ დიდი რაოდენობით, მოგეხსენებათ, პრობლემები შეიძლება გაჩნდეს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ერთჯერადად აცრილია 54 687 პირი, სრულად კი - 8700.

5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

ამჟამად ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით ვაქცინაცია 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დაიწყო.

XS
SM
MD
LG